რა იცვლება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში
“ქართულმა ოცნებამ” ორი მოსმენით დაამტკიცა “საჯარო სამსახურის შესახებ კანონში” ცვლილებები.
იურისტ ნიკა სიმონიშვილის შეფასებით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებები მკვეთრად აუარესებს საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივ მდგომარეობას.
,,ცვლილების არსი იყო ის, რომ საჯარო სამსახურში გამარტივებული ყოფილიყო პირის გათავისუფლება და სასურველი კადრების მარტივად დასაქმება, რაც ცვლის კონცეფციას პროფესიონალიზმზე დაფუძნებულ საჯარო სამსახურთან დაკავშირებით. მიზეზი შეიძლება გახდეს რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის მიზეზი კი, კანონის მიხედვით, შეიძლება იყოს სტრუქტურის ნაწილობრივ ან სრულად გადალაგება ან შტატების შემცირება. თავდაპირველად ინიცირებული ვერსიაში მითითებული იყო რომ რეორგანიზაციაის საფუძველი შეიძლებოდა, გამხდარიყო ფუნქციების ცვლილება ან ახალი ფუნქციების დამატება. ეს ჩანაწერი ამოიღეს”.
იურისტის თქმით, ყველა იერარქიული რანგის თანამდებობაზე მომუშავე მოხელის შეფასება მოხდება 6 თვეში ერთხელ, ნაცვლად წელიწადში ერთხელ შეფასებისა.
,,მოხელის შეფასების პროცესი იცვლება. შეფასება შესაძლებელია მოხდეს 6 თვეში ერთხელ ნაცვლად ერთი წლისა. ეს ნიშნავს იმას, რომ წელიწადში 2 ჯერ მოხდება მოხელის შეფასება და ორივეჯერ არადამაკმაყოფილებლად შეფასების შემთხვევაში სამსახურიდან გათავისუფლდება. აქამდე, ეს პროცესი მოითხოვდა 2 წელს. ასევე, არადამაკმაყოფილებელი შეფასების შემთხვევაში, შესაძლებელია თანამდებობრივი სარგო 20% დაუკავონ. გამოდის, რომ ვისზეც დგას საჯარო სამსახური, ერთი მხრივ, მარტივად ათავისუფლებენ სამსახურიდან, მეორე მხრივ, შესაძლებელია რომ მისი შეფასება იყოს დამოკიდებული გარკვეულ პოლიტიკურ ფაქტორებზე.
რეორგანიზაციის შედეგად სამსახურიდან გათანვისუფლებული საჯარო მოხელე, ფაქტობრივად, ახალ კონკურსში ვეღარ მიიღებს მონაწილეობას. რაც შეეხება მობილობას სხვა საჯარო დაწესებულებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელია. ჩანაწერი, რომლითაც მობილობა იყო შესაძლებელი რეორგანიზაციის შემთხვევაში, სიტყვა რეორგანიზაცია არის ამოღებული კანონიდან და მხოლოდ საჯარო დაწესებულებების შერწყმის შემთხვევაშია ეს შესაძლებელი ან ლიკვიდაციის შემთხვევაში. რეორგანიზაცია რაც 3 თვეს მოითხოვდა, შემცირებულია 2 თვემდე. ესეც იმ პაკეტის ნაწილია, რაც საბოლოო ჯამში აადვილებს რეორგანიზაციის და გადაწყვეტილების მიღების პროცესს”.
სიმონიშვილი განმარტავს, რომ საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები აღარ მიიჩნევიან საჯარო მოხელეებად. ეს პირები იქნებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
,,პირველადი სტრუქტურული ერთეულების ხელძღვანელები ხდებიან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები. ეს ვრცელდება არამარტო დაბალი რანგის მოხელეზე, არამედ დეპარტამენტის უფროსებზეც. პირველადი რგოლის მენეჯერები პროფესიული ნიშნით კი აღარ შეირჩევიან, არამედ ხდებიან სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირზე მიბმულები, მასზე დაკავშირებულები. ცვლილება შეეხება არამხოლოდ კლასიკურ საჯარო სამსახურებს, არამედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსაც. შესაბამისად, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირს შეუძლია ყოველგვარი მიზეზის და ახსნა-განმარტების გარეშე მოხელეები გაანთავისუფლოს სამსახურიდან.
რეორგანიზაცია თუ გარკვეულ პროცესებს ითვალისწინებს, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებულების შემთხვევაში, ყოველგვარი პროცედურისა და მიზეზის გარეშე დეპარტმენტის უფროსები და მოადგილეები შეიძლება იყვნენ გათავისუფლებულები თანამდებობებიდან. საჯარო მოხელეები ამაზე უკვე პროტესტს აცხადებენ, ფაქტობრვივად შრომით დავად გადაიქცა მოხელეებსა და სახელმწიფოს შორის. შესაბამისად, შეიძლება ვიხილოთ რომ საჯარო მოხელეებმა დატოვონ სამსახურები. პროფესიონალი მოხელეები დიდი რისკის ქვეშ იქნებიან. შემცირდება საზოგადოების ნდობა საჯარო სამსახურთან დაკავშირებით”.
კანონში შესული ცვლილების თანახმად, საჯარო მოხელეებისთვის ქართული ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება. იურისტი ამ ცვლილებას თანმდევ საკანონმდებლო ეფექტად აფასებს და განმარტავს რომ ენასთან მიმართებით პირდაპირი ცვლილება არ შესულა.
,,ეს იყო თანმდევი საკანონმდებლო ეფექტი, დეპარტამენტის უფროსებს და მათ მოადგილებს რადგანაც შეეცვალათ სტატუსი, ამ მიმართებით სახელმწიფო ენის ცოდნმა არ მოითხოვება. რისკები არსებობს, მაგალითად პარლამენტის წევრის თანაშემწე, მინისტრის თანაშემწე, მრჩეველი ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები იყვნენ, ამიტომ შეიძლებოდა მათ შორის ყოფილიყვნენ უცხოელები. მთავარი მოტივი ძირითადი აქ ის იყო რომ დეპარტამენტის უფროსები და მოადგილეები მარტივად გასათავისუფლებელთა სიაში შეეყვანათ. ამ ცვლილებეს ექნება ძალიან მძიმე შედეგები იგვე დეპარტმანეტის უფროსებთან და მათ დაქვემდებარებულ პირებთან მიმართებით”.
რაც შეეხება დასაქმებულების შანსებს თუ რა ბერკეტი რჩებათ მათ სამსახურიდან განთავისუფლების შემთხვევაში, სიმონიშვილი ამბობს რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც სამსახურში მოხელის აღდგენა გამორიცხულია:
,,საჯარო მოხელეები თუ მოიგებენ დავას სასამართლოში, პირდაპირ ჩაწერეს კანონში რომ სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღდგენა გამორიცხულია. რაც შეეხება თანამდებობრივ სარგოს, აუნაზღაურდება მხოლოდ 3 თვის ოდენობით. შრომითი დავა სამივე ინსტანციაში დიდხანს გრძელდება. მაგალითად, თუ გაგრძელდა 2 წელი, მაინც 3 თვის ანაზღაურებას მიიღებს. საკონსტიტუციო სასამართლომ იდენტური შინაარსის ნორმა, ძველ კანონში, გააუქმა რამდენიმე წლის წინ. შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პირდაპირ ეწინააღმდეგება პარლამენტის ეს გადაწყვეტილება რომელიც კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში მოდის”.