კობახიძე დიპლომატიურ პასპორტებზე EU-ს გადაწყვეტილებას სიმბოლურს და ანტიქართულს უწოდებს
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ გუშინ, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიღებული გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების დაწყების შესახებ, სიმბოლური დატვირთვის და ანტიქართული ნაბიჯია.
კობახიძემ საკითხზე ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილებები ამცირებს ქართული საზოგადოების ნდობას ევროპული სტრუქტურების მიმართ.
“იცით, რომ ერთადერთი რეკომენდაცია, რომელიც გასცა საბჭომ, უკავშირდება დიპლომატიური პასპორტის მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღების პროცედურის დაწყებას. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეკომენდაციასაც არსებითად სიმბოლური დატვირთვა აქვს, ის უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც რა თქმა უნდა, ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში. ასეთი გადაწყვეტილებების შედეგია, რომ ევროპული სტრუქტურები, ქართული საზოგადოების აღქმაში მუდმივ დევალვაციას განიცდიან, რაც არის სერიოზული პრობლება”,– თქვა კობახიძემ.