ახალი ამბები

„სიმართლის თქმა არ არის დანაშაული“

თელავში მოღვაწე ნეიროქირურგმა გაგა ბეგიაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც საჯარო სექტორში არსებულ ნეპოტიზმზე საუბრობს, რასაც როგორც ექიმი, ხშირად აწყდება მის საქმიანობაში. საქმე ეხება ძვირადღირებული სამედიცინო კვლევების ჩატარებას, რაც კახეთში, შერჩევით, ნათესავ-ნაცნობობით ხდება. როგორც თავად აღნიშნა, მისი საჯარო კრიტიკის მიზანია არ მოხდეს ამ ამბის უგულვებელყოფა და საზოგადოებისა და შესაბამისი უწყების მხრიდან გათვალისიწნებული იყოს ის ფაქტები, რასაც მოკლე ინტერვიუში გაეცნობით.

ბატონო გაგა, თქვენ საჯაროდ აღნიშნეთ, რომ თელავში, თქვენს სამუშაო ადგილზე წააწყდით არაერთ უსამართლო ფაქტს. გთხოვთ, უფრო დეტალურად მოგვიყევით.

-პროფესიით ნეიროქირურგი ვარ, 2017 წლიდან ვმოღვაწეობ და ვცხოვრობ კახეთში, კერძოდ, წინანდალში.

-წარმოშობით არ ვარ აქედან,თუმცა რა მნიშვნელობა აქვს? ყველა ამ ქვეყნის შვილები ვართ. საკუთარი სურვილით გადავწყვიტე დედაქალაქიდან გადმოცხოვრება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას მიეღო ნეიროქირურგიული სერვისი, რაც ჩემამდე არ ყოფილა. ეს სამედიცინო მიმართულება ამ წლების განმავლობაში კახეთში გახდა შეუქცევადი პროცესი, უამრავი ადამიანი კახეთიდან გაუსვლელად იტარებს მკურნალობას და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უმოკლეს დროში ჩატარებული სასწრაფო ოპერაციების გამო ათეულობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩა. როდესაც ამ პროფესიას ირჩევ, პირველ რიგში, ფიქრობ რომ ადამიანებს მისცე შანსი გამოჯანმრთელებისა და სწორედ ამიტომ ვწუხვარ ამ საკითხზე.

-თქვენ ყოველდღიურად მოგმართავენ პაციენტები სხვადასხვა ადგილიდან, განსაკუთრებით სოფლებიდან, რაზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ადამიანებს შერჩევით: ნაცნობობით და ნეპოტიზმის პრინციპით უფინანსდებათ კვლევები.

-გეტყვით,რომ ყოველდღურად მომმართვენ ადამიანები კახეთის სხვადასხვა ქალაქიდან თუ სოფლიდან, ვისაც აქვთ პრობლემები ხერხემლის და თავის არეში ჩივილებთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ექიმი ვერ დანიშნავს ადექვატურ მკურნალობას, თუ არ ექნება პაციენტს შესაბამისი კვლევები ჩატარებული.

პაციენტების უმრავლესობა, ვინც არის დროებით უმუშევარი,პენსიონერი, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი, ვერ ახერხებენ მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარებას. მაგალითად მაგნიტო-რეზონანსურ ტომოგრაფიას. სამწუხაროდ, აღნიშნული კვლევა არ შედის საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის დაფინანსებაში და პაციენტს კერძო დაზღვევა თუ არ აქვს, ის კვლევის საფასურს იხდის ჯიბიდან.
ზოგადი სოციალური ფონიდან გამომდინარე, უმრავლესობას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ეს თანხა გადაიხადონ და, ხშირ შემთხვევაში, მოდიან თხოვნით რომ ფორმა 100 გავატანო მუნიციპალიტეტში დაფინანსებისთვის. სწორედ ასეთ სიტუაციებში გამოიკვეთა არაერთი ისეთი შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ჩემში გაღიზიანება. კერძოდ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც პირდაპირ მეუბნებიან, რომ მათ დაუფინანსებენ კვლევას, რადგან ჰყავთ „ახლობლები” მუნიციპალიტეტში და არსებობენ ადამიანები რომლებიც ამბობენ რომ ცდიან ბედს, თუმცა მათ არ აქვთ იმედი. ხშირად კი ადამიანები უსახსრობის გამო კვლევას ვერ იტარებს. სამწუხაროდ, ეს ორივე შემთხვევა მრავლჯერ დამტკიცდა. რადგან ექიმი ვარ ამ შემთხვევაში ვერ დავარღვევ სამედიცინო ეთიკის ნორმებს და პაციენტებს ვერ დავასახელებ კონრეტული სახელებით და გვარებით, თუმცა არსებობს გაცემული სამედიცინო დოკუმენტები საჭიროების შემთხვევაში დასადასტურებლად. ადამიანების გამორჩევა ნათესავ-მეგობრული ნიშნით იწვევს ძალიან დიდ პრობლემას. იმ პაციენტების უმრავლესობა, ვისაც არ აქვს შესაძლებლობა, თვეების განმავლობაში აგროვებენ თანხას, რომ ჩაიტარონ კვლევა და ამ დროის განმავლობაში მათ ურთულდებათ ის პრობლემა რისთვისაც მოდიან ჩემთან.

– რამდენად ხშირია ასეთი შემთხვევების რიცხვი?

-ნამდვილად არ მიკვირს ჩვენს ქვეყანაში ასეთი მიდგომა,რადგან ყველგან ვაწყდებით ჩემიან-შენიანობას. ჩემთვის უბრლოდ მიუღებელია აღნიშნული მიდგომა და მე ვინც კარგად მიცნობს, იციან ჩემი დამოკიდებულება. განსაკუთრებით, როცა ეს ყველაფერი ეხება ადამიანის სიცოცხლეს და მის ჯანმრთელობას.

არც მუნიციპალიტეტბში არსებული ნეპოტიზმი მაკვირვებს საკუთარო ოჯახის მაგალითის გამოცდილებაზე: როდესაც ახალგაზრდა ცოლ-ქმარი კახეთში გამოვედით საცხოვრებლად, ჩემს მეუღლეს სურვილი ჰქონდა რომ ემუშავა: მერიაში იყო ვაკანსია გამოცხადებული საქმის მწარმოებლის პოზიციაზე. თუმცა გასაუბრების შემდეგ მოუვიდა უარი,რომ ვერ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა, მაშინ, როდესაც 8 წლიანი გამოცდილება ჰქონდა ბელარუსში, მინსკში, საქართველოს საელჩოში ელჩის თანაშემწედ. დამთავრებული აქვს უცხო ენების უნივერსიტეტი, ფლობს 5 უცხო ენას და არის ადამაენური რესურსების მართვის მაგისტრი. საბოლოოდ, გავარკვიეთ რომ ვიღაც ახლობელი აიყვანეს იმ პოზიციაზე. საკუთარი ამბავიც იმიტომ გავიხსენე, რომ ადვილად დასაჯრებელია ჩემთვის რომ პაციენტებსაც შესაბამისად უდგებიან.

-ბატონო გაგა, თქვენი აზრით, როგორ უნდა გამოსწორდეს ეს ვითარება, რა არის გამოსავალი?

-ჩემი ეს პოზიცია მხოლოდ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება. არ მინდა რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გამოიყენოს მათ სასარგებლოდ, ან პირიქით, ჩემს საწინააღმდეგოდ. უბრალოდ, თუ წაიკითხავენ ჩემს სტატიას, ვთხოვ, რომ აღნიშნული პრობლემა გამოასწორონ ვისაც ეს ხელეწიფება. სიმართლის თქმა არ არის დანაშაული და ყოველთვის უნდა ვიღვაწოთ ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის.