როგორ აირჩევა პრეზიდენტი 2024 წლიდან
წელს პირველად პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს. საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით დებატების გარეშე ღია კენჭისყრით ირჩევს საარჩევნო კოლეგია. კონსტიტუციაში შესაბამისი ცვლილება 2017 წელს შევიდა.
პარლამენტის რეგლამენტს დაემატება მუხლი, რომელიც კონსტიტუციაში შესულ ცვლილებას იმეორებს და განსაზღვრავს, ვინ შედის საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში, ვის აქვს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება და როდის და როგორ გაიმართება არჩევნები. პრეზიდენტი აირჩევა 5 წლით და ის შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე 40 წლისაა და საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია.
ახალი სისტემით, პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან. მუნიციპალური არჩევნები 2021 წელს ჩატარდა და ყველა პარტიას, რომელმაც ამ არჩევნებში 1 პროცენტი მაინც მიიღო, შეუძლია საარჩევნო კოლეგიაში დელეგატი წარადგინოს. დელეგატების რაოდენობა მიღებული პროცენტების პროპორციულად ნაწილდება.
„ცესკოს განკარგულება ჯერ გამოცემული არ არის, მაგრამ წინასწარ მაინც შეგვიძლია დავითვალოთ, რადგან განაწილების წესი კანონმა უკვე განსაზღვრა. ჩვენი დათვლით, 55 დელეგატი ოპოზიციიდან არის, 54 კი – „ქართული ოცნებიდან“, – ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ მკვლევარი შოთა ნარსია.
არჩევნები პარლამენტში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს. პრეზიდენტს ხმების ორი მესამედი ანუ 200 ხმა სჭირდება გასამარჯვებლად. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
,,ახლანდელ პრეზიდენტს, აქვს თითოეული ამომრჩევლის ხმით გამყარებული საკუთარი პოზიცია. ეს საკმაოდ დიდი მნიშვნელობის მატარებელია. თუ არ იქნება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები პირდაპირი წესით, ეს ნიშნავს, რომ ის ინსტიტუცია რომელიც გამოეცალა დღეს ქართულ ოცნებას, ისევ დაუბრუნდებათ მათ და არ დარჩევა არცერთი კონსტიტუციური ორგანო დამოუკიდებელი ამ ქვეყანაში”,– აცხადებს ოპოზიციონერი თამარ კორძაია.
აღნიშნულ საკითხზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აუცილებელია პრეზიდენტი აირჩეს პირდაპირი წესით ხალხის მიერ, რომ მას მეტი ნდობა და პასუხისმგებლობა ჰქონდეს.
,,დიახ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა. არსებული მოდელი რომელიც იყო, სანამ ცვლილება შევიდოდა, სავსებით ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ საპარლამენტო მოდელის ქვეყნებში, შეზღუდული კომპეტენციების მიუხედავად მაინც არჩეული ყოფილიყო ხალხისგან.ეს ნიშნავს, მეტ დამოუკიდებლობას, მეტ ლეგიტიმაციას”,-აცხადებს ,,სტრატეგია აღმაშენებელის” წარმომადგენელი პაატა მანჯგალაძე.
კონსტიტუციაში წერია, რომ „პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება კალენდარული წლის ოქტომბერში“, მაგრამ წელს ასე ვერ მოხდება, რადგან პრეზიდენტი ახალმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს. პრეზიდენტის არჩევნები ახალი პარლამენტის არჩევისა და პირველი სესიის ჩანიშვნის შემდეგ ჩატარდება. არჩევნების თარიღს ნიშნავს პარლამენტი, ხელმეორე არჩევნებისას – პარლამენტის თავმჯდომარე.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის კანდიდატურასთან დაკავშირებით მსჯელობა არ ყოფილა. მისივე თქმით, პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ.
„ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრულია. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – აღნიშნა მან.