რა დარღვევები დააფიქსირეს ამ დროისთვის კახეთში ISFED-ის დამკვირვებლებმა
„სამართლიანი არჩევნების” დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნევა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე.
ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიით დამკვირვებელთა 9,1 %-მა დააფიქსირა ინციდენტები. მათ შორის დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვისა და მათზე ფიზიკური ძალადობის, ამომრჩეველთა მობილიზებისა და ელექტრონული აპარატების ხარვეზების არაერთი შემთხვევა. მარნეულის საარჩევნო ოლქის #69 უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრა, ამბროლაურის #18 საარჩევნო უბანში კი კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ორჯერ მისცა ხმა.
საარჩევნო უბნების მიმდებარედ, კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრამდე პერიმეტრში, შეინიშნება არაუფლებამოსილი პირების შეკრება, მათ შორის პარტიის კოორდინატორების მობილიზება, აგრეთვე, მათ მიერ ამომრჩეველთა ორგანიზებული ტრანსპორტირებისა და მათ შესახებ ინფორმაციის მოგროვების შემთხვევები, რაშიც ძირითადად მმართველ პარტიასთან, „ქართულ ოცნებასთან“, დაკავშირებული პირები ფიგურირებენ. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ დაპირისპირებებსაც.
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან მობილიზებული რამდენიმე პირი ახორცილებს ავტომობილით ამომრჩეველთა მრავალჯერადად ტრანსპორტირებას;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბნის შესასვლელთან რამდენიმე კოორდინატორია განთავსებული, რომლებსაც თან აქვთ ამომრჩეველთა სიებიც;
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბანთან „ქართული ოცნების“ კოორდინატორებთან ერთად, ამომრჩევლების მობილიზებაში ჩართული იყო ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციად რეგისტრირებული „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“ აკრედიტებული დამკვირვებელი.
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #6 საარჩევნო უბნიდან 100 მეტრის რადიუსში, დამკვირვებელმა დააფიქსირა მსუბუქ ავტომანქანაში მყოფი პირების მიერ ამომრჩევლების აღრიცხვის შემთხვევები.
#12 გურჯაანის საარჩევნო ოლქის #23 საარჩევნო უბანთან 08:30 საათიდან მობილიზებული კოორდინატორების მიერ ამომრჩევლების მობილიზებისას „სამართლიანი არჩევნების“ გარე დამკვირვებლის მიერ გამოვლენილი იქნა ერთ-ერთი ამომრჩევლისთვის 50 ლარის ოდენობით თანხის გადაცემის შემთხვევა.
14:00 საათისთვის „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში შეტანილია 34 საჩივარი, საოლქო საარჩევნო კომისიაში 13 საჩივარი და 22 შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (შემდგომში „სამართლიანი არჩევნები“) 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) აკვირდება.
„სამართლიანი არჩევნების” სადამკვირვებლო მისია შედგება 1,000-მდე საუბნო, 235 უბნის გარე პერიმეტრის და 45 საზღვარგარეთის უბნის, ასევე 73 საოლქო საარჩევნო კომისიების დამკვირვებლისა და 85 მობილური ჯგუფისგან. არჩევნების დღეს ორგანიზაციის ცენტრალურ ოფისში მოქმედებს მონაცემთა გადამოწმების/ანალიზისა (32 ოპერატორი) და ინციდენტების/საჩივრების ცენტრები (23 იურისტი).
არჩევნების დღის მონიტორინგი ეფუძნება ხმების პარალელური დათვლის (Parallel Vote Tabulation – PVT) რაოდენობრივი და თვისებრივი დაკვირვების მეთოდოლოგიას, რომელიც მოიაზრებს დამკვირვებლების განთავსებას შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმომადგენლობითია. ეროვნულ დონეზე წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ხდება საარჩევნო უბნების გარე დაკვირვებაც.