“საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება” – საია
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 15:00 საათისთვის გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს.
როგორც ორგანიზაცია წერს, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევებით გრძელდება. გამოვლინდა ამომრჩევლის ხმის ფარულობის დარღვევის, დამკვირვებლებისა და მედიისთვის საქმიანობაში ხელშეშლის და აგიტაციის ფაქტები, რაც არღვევს არჩევნების სამართლიან და უსაფრთხო გარემოში ჩატარების პრინციპს.
საიას დამკვირვებლებმა ამ ეტაპისთვის, საერთო ჯამში, ჩანაწერთა წიგნში დააფიქსირეს 27 შენიშვნა, საუბნო საარჩევნო კომისიაში 23, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის სახელზე – 11 საჩივარი.
უბნების შიგნით და პერიმეტრზე გრძელდება ამომრჩეველთა აღრიცხვა. გარდა ამისა, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, ბათუმის 34-ე უბნის პერიმეტრზე შეინიშნება მიკროავტობუსით მარკირებული პირების მოყვანის ფაქტი.
დარღვევები გამოვლინდა გადასატანი საარჩევნო ყუთით ხმის მიცემის პროცესში:
თელავის ოლქის 29-ე საარჩევნო უბნიდან გადასატანი საარჩევნო ყუთს, წილისყრით განაწილებული პირების ნაცვლად, არაუფლებამოსილი პირები გაჰყვნენ. ამ დროისთვის ვერ ხერხდება მათთან დაკავშირება.
დარღვევები მედიის წარმომადგენლების წინააღმდეგ:
საარჩევნო უბნებზე მობილიზებული აქტივისტებისა და საარჩევნო უბნის წევრების მხრიდან შეინიშნება აგრესია და მტრული გარემო მედიის წარმომადგენლების მისამართით.
თელავის რაიონის ქვემო ხოდაშენში თავს დაესხნენ „ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს. მედიასაშუალების ინფორმაციით, ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „ტვ პირველის” ოპერატორმა ამომრჩეველზე ზეწოლის და მოსყიდვის ფაქტები გადაიღო. თავდასხმის შედეგად, ნაცემია ოპერატორი და ტელევიზიის კუთვნილი აპარატურა სრულად დამტვრეულია.
საია მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, დროული და ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და უზრუნველყონ მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოება კენჭისყრის დღის გაშუქებისას.