საჯარო მოხელეების მობილიზება – კახეთიდან თბილისში, მმართველი პარტიის ღონისძიებაზე დასასწრებად ხალხი მიყავთ
დღეს თბილისში, თავისუფლების მოედანზე პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო აქცია გაიმართება. ამის პარალელურად რეგიონებში საჯარო მოხელეების, პედაგოგების და ბაღის მასწავლებლების მობილიზებას ახდენენ.
სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებსა და ააიპ-იებში დასაქმებული მოქალაქეების მობილიზება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში ხდება. მოქალაქეები მიყავთ თბილისში თელავიდანაც. პარტიის მხარდამჭერები და საჯარო მოხელეები გივი ჩოხელის სახელობის სტადიონთან იკრიბებიან, საიდანაც მარშუტკებით, მსუბუქი ავტომობილებით და ავტობუსებით თბილისისკენ გაემგზავრებიან. მათი ნაწილი საჯარო სამსახურებში მუშაობს.
კითხვაზე თუ სად მიდიან და რა ღონისძიებას უნდა დაესწრონ, მოქალაქეები სხვადასხვა მიზეზს ასახელებენ. უმეტესობა ამბობს, რომ თბილისში გასასეირნებლად მიდის. ნაწილი კი ამბობს, რომ ღონისძიებაზე დასასწრებად თავისი სურვილით მიემგზავრებიან.
როგორც მოქალაქეები Knews.ge-სთან საუბრობენ, მათ თბილისში ვიზიტის სანაცვლოდ ფულად ანაზღაურებას დაპირდნენ.
მხარდამჭერების და საჯარო მოხელეების მობილიზება ხდება სხვადასხვა რეგიონებიდან. აღსანიშნავია, რომ დედაქალაქი დილიდან პარალიზებულია, გადაკეტილია ქუჩები, ადგილზე მონტაჟდება სცენა და უსაფრთხოების დამატებითი ზომებია მიღებული. არსებული ინფორმაციით, მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილიც მიმართავს სიტყვით. მმართველი პარტიის აქცია თავისუფლების მოედანზე 19:00 საათზე დაიწყება.
knews.ge აღნიშნულ საკითხზე დამატებით ინფორმაციას უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ.