TI- რეგიონებში კორუფციული ფაქტების მოცულობამ 3 მილიარდ 280 მილიონ ლარს გადააჭარბა
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” წარმოადგენს კორუფციის რუკის განახლებულ ვერსიას, სადაც დატანილია თანამდებობის პირებთან და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ის კომპანიები, რომლებმაც 2013 წლიდან დღემდე ჯამურად 3 მილიარდ 280 მილიონ ლარზე მეტი მსხვილი კონტრაქტები მიიღეს სახელმწიფო შემსყიდველებისგან საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.
ამ თანხის თითქმის მესამედი – მილიარდ 130 მილიონ ლარზე მეტი მათ მხოლოდ 2024 წელს დაერიცხათ. კორუფციული ფაქტების სიმრავლე და მასშტაბები აჩენს განცდას, რომ პრივილეგირებული ადამიანებისთვის ხალხის ხარჯზე გამდიდრებას მწვანე შუქი აქვს ანთებული ქვეყანაში.
დოკუმენტში თავმოყრილია ის საეჭვო ტენდერები და გამარტვებული შესყიდვები, რომლებსაც “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” იკვლევდა სხვადასხვა დროს და შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალურად მიმართავდა რეაგირებისთვის იმ სავარაუდო კორუფციის ფაქტებზე, რომლებიც ამ შესყიდვებში იკვეთებოდა.
რეგიონების მიხედვით კორუფციის ნიშნების შემცველი შესყიდვების სურათი ასე გამოიყურება:
აჭარა: 933 060 894 ლარი
სამცხე – ჯავახეთი: 841 145 309 ლარი
შიდა ქართლი: 427 245 670 ლარი
კახეთი: 442 000 000 ლარი
იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი: 500 131 038 ლარი
სამეგრელო – ზემო სვანეთი: 138 371 368 ლარი.
კორუფციის რუკაზე ნახავთ პარლამენტის დეპუტატებს, რომლებიც ჩამოყალიბდნენ ადგილობრივ “ფეოდალებად”: ანზორ ბოლქვაძე, ვიქტორ ჯაფარიძე, ასევე ყოფილ დეპუტატებს – იოსებ მაკრახიძეს, ენზელ მკოიანს, ჯუმბერ იზორიას, სერგო ხაბულიანს. აქვე არიან სხვადასხვა მუნიციპალიტეტების მერები. მათ შორის, სენაკის მერი, ვახტანგ გადელია, ზუგდიდის მერი, მამუკა წოწერია, ჩხოროწყუს მერი, დავით გოგუა, ახალციხის ყოფილი მერი, ზაზა მელიქიძე, ადგილობრივი საკრებულოების წევრები და მერიების სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურის ხელმძღვანელები. რუკაზე მოხვდა ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესმენი გიორგი ჭყონია, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატობის კანდიდატია 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში.
თანამდებობის პირებთან და მათი ოჯახის წევრებთან დაკავშირებული კომპანიების გარდა, დოკუმენტში მოხვდნენ ის კომპანიები, რომლებიც პირადად არიან დაკავშირებულნი ბიძინა ივანიშვილთან და სხვადასხვა კლანურ დაჯგუფებებთან. ამ კომპანიების მონაწილეობა მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში და შემდგომ მათი მხრიდან მმართველი პოლიტიკური ძალის დაფინანსება, ქმნის სახელმწიფოს მიტაცებისა და კლეპტოკრატიული მმართველობის სისტემას ქვეყანაში. საქართველოს რეგიონებში სულ უფრო იმატებს კორუფციული შემთხვევები, რაც უკონტროლო სახეს იღებს, ვინაიდან მათზე შესაბამისი სტრუქტურები ან საერთოდ არ რეაგირებენ, ან საზოგადოებას არ აწვდიან ინფორმაციას ამ საქმეებით დაინტერესების შესახებ.
კახეთი / 442 000 000 ლარი
კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილის, გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ 275 მილიონ ლარზე მეტი შესყიდვები მიიღო 2013-2024 წლებში. მხოლოდ 2021-2024 წლებში ამ კომპანიამ მოიგო 174 მილიონ ლარამდე ღირებულების ტენდერები, რომლის 36% უკონკურენტო გარემოში მოიპოვა.
გიორგი ზედელაშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში, მათ შორის მაღალ თანამდებობებზე, 1994 წლიდან მუშაობდა, ხოლო “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იგი შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ/სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს (დეპარტამენტის) დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა. 2017 წლის ბოლომდე გიორგი ზედელაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გიორგი ზედელაშვილის სახელი კახეთში მიმდინარე არაერთ პროცესს უკავშირდება. მისი აქტიურობა განსაკუთრებით იკვეთება ყვარელში, თელავში, დედოფლისწყაროსა და სიღნაღის მუნიციპალიტეტებში. ზედელაშვილი მოიაზრება ირაკლი ღარიბაშვილის გარემოცვის წევრად.
კახეთის 8 მუნიციპალიტეტში ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა ჯამში 167 მილიონი ლარის შესყიდვები მიიღეს 2013-2020 წლებში.
ნახეთ ვრცლად: https://transparency.ge/ge/post/korupciis-ruka-regionebshi-korupciuli-paktebis-moculobam-3-miliard-280-milion-lars-gadaacharba