მითები და რეალობა წინასაარჩევნო პროცესებში
წინასაარჩევნოდ მოსახლეობაში ვრცელდება არაერთი მითი არჩევნების ფარულობასთან დაკავშირებით.
ISFED-ის იურისტი გიორგი მონიავა Knews-სთან აღნიშნავს, რომ ერთი მხრივ ეს შეიძლება უკავშირდებოდეს მოქალაქეების არაინფორმირებულობას, მეორეს მხრივ კი, ფარულობასთან დაკავშირებული მითების გავრცელება შეიძლება სპეციალურად იყოს გამოყენებული, როგორც ამომრჩეველზე ზეწოლის ერთ-ერთი საშუალება.
საზოგადოებაში, არჩევნებთან დაკავშირებით ყველაზე გავრცელებული მითია, რომ საარჩევნო კაბინაში კამერებია დამონტაჟებული.
გიორგი მონიავას განმარტავს, რომ საარჩევნო კაბინაში კამერების დამონტაჟება კანონით აკრძალულია და ტექნიკურად შეუძლებელიც.
,,საარჩევნო კაბინაში აკრძალულია ნებისმიერი სახის გადაღება. საარჩევნო კაბინაში კამერებია დამონტაჟებული, ეს არის 100%-ით მითი. თუ მაინც, ერთეული შემთხვევა მოხდება, შეუძლიათ მიმართონ სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რაზეც მყისიერი რეაგირება გვექნება. თუმცა, ასეთი ფაქტი არ მახსენდება. ამომრჩევლის ნების კონტროლი არ მომხდარა. კონსტიტუცია და საარჩევნო კანონმდებლობა ამომრჩეველს აძლევს საშუალებას რომ მისი ხმა იქნება ფარული. და ეს ეხება არამხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდს და არჩევნების შემდგომ პერიოდს”.
მოსახლეობაში ასევე გავრცელებულია მითი, თითის ანაბეჭდით ამომრჩეველის იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით. იურისტის თქმით, საქართველოში არ გამოიყენება თითის ანაბეჭდის სკანირების სისტემა არჩევნებზე და ამომრჩევლის იდენტიფიკაცია ხდება მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
,,მოქალაქის თითის ანაბეჭდთან წვდომა აქვს მხოლოდ იუსტიციის სამინისტროს, როდესაც ბიომეტრიულ პასპორტს გასცემენ. ამისი დადარება არ ხდება იმ მარტივი მიზეზის გამოც, რომ ელექტრონულ აპარატებს არანაირი ფუნქცია არ გააჩნიათ, რომ რაიმე სახის ანაბეჭდი ამოიკითხონ ან დაიმახსოვრონ. არც საარჩევნო ბიულეტენები შეიცავს რაიმე საიდენტიფიკაციო ინფორმაციას ამომრჩევლის შესახებ”.
საკმაოდ გავრცელებული მითია ისიც, რომ ხმების დათვლისას ხდება იდენტიფიცირება, ვინ ვის მისცა ხმა. გიორგი მონიავა განმარტავს, რომ საარჩევნო ბიულეტენები ანონიმურია და არ შეიცავს ამომრჩევლის საიდენტიფიკაციო ინფორმაციას. თქვენი არჩევანის შესახებ, იდენტიფიცირება ტექნიკურად შეუძლებელია. ასევე, საზოგადოებაში საკმაოდ გავრცელებული მითია, თითქოს არჩევნების შედეგები წინასწარ არის გადაწყვეტილი.
იურისტის განცხადებით, ამ მითით ცდილობენ მოქალაქეებში ნიჰილიზმის დანერგვას და ამომრჩევლის აქტივობის შემცირებას. ასევე, კიდევ ერთი მითი, რომელიც ეხება ნიჰილისტურ განწყობას – ჩემი ერთი ხმა არაფერს შეცვლის. მონიავა ამბობს, რომ სწორედ ერთი ხმა ხშირ შემთხვევაში წყვეტს შედეგს. ისტორიაში არის მაგალითები, როდესაც თუნდაც არჩევნების შედეგი გადაწყდა რამდენიმე ხმის სხვაობით.
,,მაღალი აქტივობა ზრდის არჩევნების ლეგიტიმურობას. თითოეული ხმა მნიშვნელოვანია დემოკრატიული პროცესისთვის და არჩევნების შედეგისთვის”.
როგორც ვიცით, წლევანდელი საპარლამენტო არჩევნები ტარდება ელექტრონულად. ამასთან დაკავშირებითაც გავრცელებულია მითი, რომ ელექტრონული სისტემები მანიპულირებადია. გიორგი მონიავა ჩვენთან საუბარში განმრტავს, რომ ელექტრონული აპარატები არ იძლევა იმის საშუალებას რომ კონკრეტული ბიულეტენი კონკრეტულ ამომრჩეველს დაუკავშირდეს.
,,წლევანდელ არჩევნებზე გვაქვს ორი აპარატი – ამომრჩეველთა ვერიფიკაციის აპარატი, რომელიც გამოიყენება სიების ნაცვლად და ხმის მთვლელი სპეციალური აპარატი, რომელიც ითვლის და ასკანირებს ბიულეტენებს. შესაბამისად, ამ ორ აპარატს ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვს, არც ინტერნეტთან არ არის დაკავშირებული. შესაბამისად, თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ რომელიმე ბიულეტენი რომელსაც ამომრჩეველი ანთავსებს ყუთში, კონკრეტულ ამომრჩეველთან რაიმე ბმა ქონდეს; შემდეგ უკვე ამომრჩევლემა ვის მისცა ხმა, ეს გაირკვეს, ამისი თეორიული შესაძლებლობაც არ არსებობს”.
მისივე თქმით, წინასწარ არანაირი შედეგი არ არის გადაწყვეტილი და ამომრჩეველმა უნდა იცოდეს, რომ ყოველი ხმა გადამწყვეტია.
,,ამ ყველაფრისთვის ერთი უებარი წამალი არსებობს – ეს არის მაღალი აქტივობა არჩევნებზე. რაც მაღალია აქტივობა, მით უფრო ნაკლები რჩება სივრცე თეორიული მანიპულაციებისთვისაც კი. ვერავინ გაიგებს, ვის მისცემთ ხმას. მხოლოდ თქვენ იცით თქვენი არჩევანი. თქვენი ხმა მნიშვნელოვანია და დაცული”.
ვრცლად მითებისა და რეალობის შესახებ უსმინეთ ჩვენს გადაცემაში ლინქზე: https://knews.ge/?p=102080