საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც პასპორტს და არც პირადობის მოწმობას
საქართველოს 199 109 სრულწლოვანი მოქალაქე არ ფლობს არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას. აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრის თინა ბოკუჩავას კითხვის პასუხად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ გაავრცელა.
2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით აქტიურ პირადობის ელექტრონულ მოწმობას საქართველოს 3 345 274 მოქალაქე ფლობს. მათგან არასრულწლოვანია 141 572, ხოლო სრულწლოვანი 3 203 702.
იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომელიც მხოლოდ პასპორტს ფლობენ 458 234-ია. მათგან არასრულწლოვანია 164 371, ხოლო სრულწლოვანი 293 863. საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც არ ფლობენ არც საქართველოს მოქალაქის პასპორტს, არც ელექტრონულ პირადობის მოწმობას და არც არაელექტრონულ პირადობის მოწმობას 882 052-ია. მათ შორის არასრულწლოვანია 682 943, სრულწლოვანი 199 109.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების თანახმად აქტიურ არაელექტრონულ პირადობის მოწმობას საქართველოს 395 მოქალაქე ფლობს, მათგან 394 სრულწლოვანია და 1 არასრულწლოვანი. ყველაზე მეტი არაელექტრონული პირადობის მოწმობის მფლობელი თბილისში, გორში და სოხუმშია რეგისტრირებული.