ISFED- 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში იყო ჩართული
„სამართლიანი არჩევნების“ სოციალური მედიის მონიტორინგის პროექტების კოორდინატორის, ქრისტინა ფარჯიანის განცხადებით, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ჩართული იყო.
მისივე თქმით, ყველა თვითმმართველ ერთეულში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტ(ებ)ი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან/და ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგო იყო, გარდა ერთი მუნიციპალიტეტისა (წალენჯიხა).
„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სამუშაო საათების განმავლობაში ან/და სამსახურებრივი უფლებამოსილებების შესრულებისას საჯარო მოსამსახურეებს საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა ეკრძალებათ. თუმცა, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა 24 მუნიციპალიტეტში დასაქმებული 51 საჯარო მოსამსახურე, რომელიც სამუშაო საათებში საარჩევნო აგიტაციაში ჩართული იყო და „ფეისბუქზე“ ამგვარი ერთი პოსტი მაინც გამოაქვეყნა.
ყველა თვითმმართველ ერთეულში დასაქმებული საჯარო მოსამსახურის მიერ „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებული პოსტ(ებ)ი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ან/და ოპოზიციური პარტიების საწინააღმდეგო იყო, გარდა ერთი მუნიციპალიტეტისა (წალენჯიხა).
„ფეისბუქზე“ საანგარიშო პერიოდში არაოფიციალურ კამპანიაში ჩართული 76 გვერდი გამოიკვეთა. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში „ქართული ოცნების“/საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ მოქმედმა ანონიმურმა გვერდებმა, ანტიოპოზიციურთან შედარებით, 790-ით მეტი პოსტი გამოაქვეყნეს და 403 870-ით მეტი ინტერაქცია დააგროვეს. მეორე მხრივ, „ფეისბუქზე“ გავრცელებული პოსტების რაოდენობითა და ინტერაქციით მმართველი პარტიის მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბი აღემატებოდა ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერი კამპანიის მასშტაბს.
ანონიმურ გვერდებთან ერთად, საზოგადოებრივ აზრზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით აქტიურად გამოიყენებოდა ამავე მიზნით შექმნილი „ფეისბუქპროფილები“, რომლებიც გვერდების მსგავს გზავნილებს ავრცელებდნენ.
„ფეისბუქზე“ მოქმედ ანონიმურ კამპანიებში კვლავ გამოწვევად რჩება დარეკლამებული პოსტების გაუმჭვირვალედ დეკლარირება. Meta-ის რეკლამების ბიბლიოთეკის მონაცემების მიხედვით, ოპოზიციის წინააღმდეგ მოქმედ, ხელისუფლების მხარდამჭერ და ცრუ მედიის გვერდებზე ჯამურად 218 რეკლამა გამოქვეყნდა. მათი დიდი ნაწილი არასაკმარისად, რეალური გადამხდელის მითითების გარეშე იყო დეკლარირებული. ამასთან, „სამართლიანმა არჩევნებმა“ საანგარიშო პერიოდში მოცემულ გვერდებზე დამატებით 13 პოლიტიკური რეკლამა გამოავლინა, რომლებზეც გადამხდელის ვინაობა საერთოდ არ იყო მითითებული“, – განაცხადა ქრისტინა ფარჯიანმა.
ფარჯიანის განმარტებით, სოციალური მედიის პლატფორმებზე, ძირითადად, „ტიკტოკზე“, გავრცელებული მადისკრედიტირებელი „კონტენტის“ ნაწილის შექმნაში ხელოვნური ინტელექტი იყო გამოყენებული. კერძოდ, კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ ვრცელდებოდა ვიდეოები, რომლებშიც პოლიტიკოსების ხმების იმიტაციები აღნიშნული ტექნოლოგიის გამოყენებით იყო შექმნილი.
ანტიოპოზიციური და პროსახელისუფლებო ანონიმური კამპანიის ძირითადი სამიზნეები, პოლიტიკურ აქტორებთან ერთად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების წარმომადგენლებიც იყვნენ.
სამცხე-ჯავახეთში აქტიური იყო რუსეთიდან მართული „ფეისბუქგვერდი“ „ჯავახეთის დიასპორა რუსეთში“. გვერდი რუსულ წყაროებზე, მათ შორის რუსეთის სადაზვერვო სამსახურზე დაყრდნობით, ანტიდასავლურ გზავნილებს ავრცელებდა. გვერდი მხარდაჭერას უცხადებდა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს და ავრცელებდა პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გზავნილებს.
აზერბაიჯანულ ენაზე პოლიტიკურ გზავნილებს ძირითადად პოლიტიკურად აქტიური მოქალაქეები ან პარტიის რეგიონული წარმომადგენლები ავრცელებდნენ.
„ფეისბუქზე“ კვლავ გამოწვევად რჩება რუსული საინფორმაციო ოპერაციები. საანგარიშო პერიოდში პლატფორმაზე რუსეთიდან მართული გვერდები აქტიურად აქვეყნებდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებულ გზავნილებს, კერძოდ, მხარს უჭერდნენ მმართველ პარტიას და მოქმედებდნენ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. მათ მიერ გავრცელებული ანტიდასავლური, კონსპირაციული გზავნილების ნაწილი, დასავლეთისა და ოპოზიციის მიერ შიდა არეულობის დაგეგმვის შესახებ, პროსახელისუფლებო და ანტიოპოზიციურ ანგარიშებზე გამოქვეყნებულ ნარატივებს ემთხვეოდა“, – განაცხადა ქრისტინა ფარჯიანმა.