ნინო ჩხობაძე-მდინარეები შრება და კალაპოტები შევსებული არ არის, რთული სიტუაციაა კახეთის რეგიონში
2023 წელი ყველაზე მშრალი წელი იყო მსოფლიოს მდინარეებისთვის სამი ათწლეულის განმავლობაში – ამის შესახებ მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
გაზრდილმა ტემპერატურამ და ფართოდ გავრცელებულმა მშრალმა პირობებმა ხელი შეუწყო გახანგრძლივებულ გვალვას. ტერიტორიები, სადაც ძლიერი გვალვა და მდინარის დაბალი დინებაა, მოიცავს ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის დიდ ტერიტორიებს. როგორც „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადა, წყლის დონის კლების ტენდენციაა საქართველოშიც. მისი თქმით, ამის მიუხედავად, შესაძლებელია გვქონდეს არასეზონური წყალდიდობებიც.
„მიუხედავად იმისა, რომ ტენიანი ზაფხული იყო, მაინც არ არის ჩამონადენის საკმარისი დონე, რაც აშკარად ეტყობა ყველა მდინარეს. მათ შორის, ყველაზე დიდი და რეალური პრობლემა ჩვენთვის არის გრუნტის წყლების ჰორიზონტების დაკლება. ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ჩვენ შეიძლება გვქონდეს არასეზონური წყალდიდობები.
ახლა სეზონია და ველოდებით წყალდიდობებს, მაგრამ შესაძლოა, პიკს არა ახლა, არამედ ზამთრის პერიოდში მიაღწიოს. ამჟამად წყალდიდობები მთელს ევროპაში ძალიან აქტიურად მძვინვარებს“, – აცხადებს იგი.
ნინო ჩხობაძემ ის რეგიონიც დაასახელა, სადაც ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ამ მხრივ.
„განსაკუთრებით ცუდი მდგომარეობაა აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის ზონაში, თუმცა არანაკლებ რთული მდგომარეობაა დასავლეთ საქართველოშიც უკვე, რაც უფრო პრობლემატურია, რადგან ეს უკვე ნიშნავს, რომ ტენდენციურად რაღაც პრობლემები იკვეთება. უფრო კონკრეტულად კი, კარგად ვიცით, რომ ჩვენს მდინარეებზე არის დამოკიდებული ენერგოგენერაცია და ენერგიის არგამომუშავება ბევრ შემთხვევაში არის პირდაპირ კავშირში, რომ შეიძლება საკმარისი არ იყოს, განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში“ – განაცხადა მან.
ჩხობაძე არ გამორიცხავს იმასაც, რომ თუ ზამთრის პერიოდში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, რაც ბოლო წლებში ფიქსირდება, კავკასიონზე დნობა გაგრძელდება.