ახალი ამბები

13 ოქტომბერს თუშური გუდის ყველის ფესტივალი აგროტურისტულ მეურნეობა ,,ითაბანში” გაიმართება

13 ოქტომბერს ,,თუშეთის განვითარების ფონდის“ ორგანიზებით აგროტურისტულ მეურნეობა ,,ითაბანში“ თუშური გუდის ყველის ფესტივალი გაიმართება. ,,ითაბანი“ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ალვანში მდებარეობს და სტუმრებს 12:00 საათიდან უმასპინძლებს.

ღონისძიების თანაორგანიზატორები ახმეტის მუნიციპალიტეტი და ააიპ „თუშეთის დაცული ლანდშაფტის ადმინისტრაცია“ არიან. ფესტივალი დაფინანსებულია „სამი ალაზნის ბიოსფერული რეზერვატის” მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში გერმანიის მთავრობის მიერ. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, საქართველოს აგროტურიზმის რეგიონული ასოციაცია და საქართველოს მეცხვარეთა ასოციაცია კი ფესტივალის მხარდამჭერები არიან.

თუშური გუდის ყველის ფესტივალზე დასწრება უფასოა და მსურველებისათვის უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება თბილისიდან ქვემო ალვანში და უკან. ამისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია, რადგან ადგილები შეზღუდულია. უპირატესობა მიენიჭებათ ადრე დარეგისტრირებულ მონაწილეებს – https://forms.gle/Bx5i6rCbuDBPqPgC9

სტუმრებს ადგილზე დახვდებათ ბაზრობა, სხვადასხვა მასტერკლასი, თუშური გუდის ყველის კონკურსი, თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია, ტრადიციული თამაშობები და ძველი თუშური ცხოვრების ამსახველი კადრების კინოჩვენება.

ფერმერის ბაზრობა – ადგილობრივი მეწარმეები თუშური გუდის ყველის ნაირსახეობებს წარადგენენ (ცხვრის და ძროხის გუდა, ჩოგი, კალტი)
სტუმრებს ასევე დახვდებათ ადგილობრივი ღვინო, მატყლის ნაწარმი, თაფლი, ქუმელი, ჩაი და სხვა;

თუშური სამზარეულოს მასტერკლასები – მოწვეული და ადგილობრივი შეფების მიერ მომზადდება თუშური სამზარეულოს გამორჩეული კერძები (კოტორი, ხავიწი, ხინკალი და სხვ.);

კვების კუთხე – სხვადასხვა ტიპის ადგილობრივი კერძებს კვების კუთხე გააერთიანებს და მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე დააგემოვნონ თუშური კერძები;

თუშური გუდის ყველის კონკურსი – ყველის საუკეთესო მწარმოებლებსა და ფერმერებს სპეციალური ჟიური გამოავლენს.

კულმინაციური მომენტი მათი დაჯილდოება იქნება;

თუშური ფოლკლორი და ქორეოგრაფია –
თუშური ტრადიციული თამაშობების გაცოცხლება;

ძველი თუშური ყოფის ამსახველი კადრების კინოჩვენება – „თუში მეცხვარე“, თუშური ტრადიციები და სხვა…);

ფესტივალის მიზანია თუშური გუდის ყველის პოპულარიზაცია; პროდუქტის რეალიზაციაში ფერმერების მხარდაჭერა; თუშური გუდის ყველის მწარმოებელი ფერმერების წახალისება და თუშური კულტურისა და ტრადიციების პოპულარიზაცია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:
ტელ: (+995) 591012378 ; ელ. ფოსტა: tushetiangudacheesefest@gmail.com