ახალი ამბები

ISFED – ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიური იყო საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მადისკრედიტირებელი კამპანია

ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიური იყო ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების კამპანია – ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) წინასაარჩევნო კამპანიის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც ორგანიზაციამ დღეს წარადგინა.

ანგარიშში მიმოხილულია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ზოგიერთი მიმართულება, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო რეგისტრაციის პროცესი, ქალთა წარმომადგენლობა რეგისტრირებულ პარტიულ სიებში, წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა, მედიაგარემო, საარჩევნო დავები და საანგარიშო პერიოდში გამოვლენილი სხვა ძირითადი ტენდენციები.

„სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, 2024 წლის 27 აგვისტოდან 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგი ძირითადი ტენდენციები გამოვლინდა: ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების შემდეგ კვლავ აქტიური იყო ანტიდასავლური, მათ შორის, ევროსკეპტიკური და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, მადისკრედიტირებელი კამპანია. ამას დაემატა ომში მყოფი უკრაინელი ხალხის ტრაგედიის საარჩევნო მიზნებისთვის გამოყენების კამპანია; სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ მიღებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ამოქმედების პარალელურად, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების საწინააღმდეგო გზავნილები უკვე მმართველი პარტიის მიერ წარმოებულ საარჩევნო კამპანიაში. კერძოდ, მმართველი პარტიის სააგიტაციო მასალებში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა გამოსახულებები შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ კონტექსტში იყო გამოყენებული;

კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრები მოქალაქეებისთვის აქტიური საარჩევნო უფლების რეალიზების საკითხი. მიუხედავად ამომრჩეველთა მრავალგზის მოთხოვნისა და ჩართული მხარეების არაერთი სარჩელისა (მათ შორის „სამართლიანი არჩევნების“ ორი სარჩელი) შექმნილიყო დამატებითი უბნები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სასამართლომ არ დააკმაყოფილა აღნიშნული მოთხოვნა. „სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და საგარეო საქმეთა სამინისტრომ არ გამოავლინეს სათანადო ნება და არ მიიღეს ყველა ზომა იმისათვის, რომ უზრუნველეყოთ მეტი საარჩევნო უბნის შექმნა საზღვარგარეთ, მათ შორის იმ ქალაქებში, სადაც საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა არ აქვს, თუმცა საქართველოს 50-ზე მეტი მოქალაქე ცხოვრობს;

საანგარიშო პერიოდში პოლიტიკური პარტიები მთელი ქვეყნის მასშტაბით აწარმოებდნენ საარჩევნო კამპანიას, მათ შორის, მართავდნენ ამომრჩევლებთან პირისპირ შეხვედრებს. ამ პროცესში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთა შეფასებით, გამოვლინდა სხვადასხვა ინციდენტი ან/და დარღვევა, აგრეთვე ისეთი ფაქტი, რაც გავლენას ახდენდა საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ კამპანიის თავისუფლად წარმოებაზე. კერძოდ, დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის, საარჩევნო კამპანიის ხელშეშლის, მუქარის ან/და დაშინების, პარტიის ოფისში შეჭრისა და მისი დაზიანების მცდელობის, პოლიტიკურ პარტიებთან აფილირებული პირების დაკავებისა და ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ცალკეული შემთხვევები;

წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით, ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდის დაწყების შემდეგ შემოწირულებათა მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა ოპოზიციური პარტიების ნაწილის შემთხვევაში, რის შედეგადაც სამი საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო კამპანიის ფინანსური შესაძლებლობები ერთმანეთს დაუახლოვდა. ანტიკორუფციული ბიუროს მონაცემებით, ერთთვიან ოფიციალურ წინასაარჩევნო პერიოდში, 27 აგვისტოდან 26 სექტემბრის ჩათვლით, პოლიტიკურმა გაერთიანებამ „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“ 3 792 338 ლარის შემოწირულება მიიღო, „ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ – 3 327 960 ლარი, ხოლო გაერთიანებამ „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ – 2 115 360 ლარი. სხვა პოლიტიკური პარტიების მიერ მოცემულ პერიოდში მიღებული შემოწირულებების ჯამი კი მხოლოდ 344 072 ლარს შეადგენდა. ეს ტენდენცია მნიშვნელოვნად განსხვავდება ადრეულ პერიოდში საარჩევნო კამპანიის შემოსავლების განაწილებისგან, რაც მმართველი პარტიის მკვეთრად დომინანტური უპირატესობით ხასიათდებოდა;

კვლავ გამოწვევას წარმოადგენს საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ამ მხრივ განსაკუთრებით ხაზგასასმელია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო ღონისძიებებზე საბიუჯეტო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების მობილიზება და დასწრება, მათ შორის სამუშაო საათებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფინანსებული ღონისძიებების მმართველი პარტიის კანდიდატების მიერ საარჩევნო კამპანიისთვის გამოყენება, აგრეთვე მუნიციპალიტეტების ერთეულების სახელით სოციალურ ქსელში სააგიტაციო მასალების გავრცელება;

2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ პრობლემას წარმოადგენს საგანმანათლებლო სისტემის პოლიტიზება. წინასაარჩევნო პერიოდში დაფიქსირდა საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და საჯარო სკოლებში დასაქმებული პირების პოლიტიკური ნიშნით შერჩევისა და დისკრიმინაციის შემთხვევები;

კომუნიკაციების კომისიის მიერ იმ მედიაორგანიზაციებისთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენა თუ დაჯარიმება, რომლებმაც უარი განაცხადეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების მადისკრედიტირებელი შინაარსის მქონე პოლიტიკური რეკლამის ეთერში განთავსებაზე, ახალისებს ძალადობას და ქმნის პოლიტიკურად მიკერძოებული გადაწყვეტილებების მიღების რისკებს. ასევე, პრობლემური და რისკის შემცველია სასამართლოსა და კომუნიკაციების კომისიის მიერ განვითარებული მსჯელობა, იმასთან დაკავშირებით, რომ პირის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადება სხვა პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანების თაობაზე, იმ პირობებში, როდესაც პარტიაში რეორგანიზაცია ან/და შერწყმა არ განხორციელებულა, საკმარისად შეიძლება ჩაითვალოს იმისათვის, რომ საარჩევნო სუბიექტის აქტივობა სხვა საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ იქნას მიჩნეული“,- ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.