ახალი ამბები

ემიგრანტის ხმა

ცესკოს ახალი განკარგულებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება – 42 ქვეყნის 53 ქალაქში. ემიგრანტებს 7 ოქტომბრის ჩათვლით ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირებულიყვნენ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მისაცემად. აღსანიშნავია, რომ არ შესრულდა მათი მოთხოვნა დამატებითი უბნების გახსნის შესახებ.

ცესკოს ახალი განკარგულებით, რომელსაც ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელმა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მხოლოდ 60 საარჩევნო უბნის გახსნაა დაგეგმილი:

თითო-თითო საარჩევნო უბანი [დედაქალაქებში] გაიხსნება შემდეგ ქვეყნებში: ავსტრია, ბელარუსი, ბელგია, ბულგარეთი, დანია, დიდი ბრიტანეთი, ესტონეთი, ირლანდია, ისრაელი, კანადა, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, მოლდოვა, ჰოლანდია, პოლონეთი, პორტუგალია, საფრანგეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, უზბეკეთი, უნგრეთი, ქუვეითი, ყაზახეთი, შვედეთი, შვეიცარია, ჩეხეთი, კატარი, ჩინეთი, ნორვეგია, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ფინეთი, სამხრეთი კორეა, იაპონია, ავსტრალია.
ორი უბანი გაიხსნება: ესპანეთში [მადრიდი და ბარსელონა].
სამი უბანი გაიხსნება: აზერბაიჯანში [სამივე – ბაქო]; თურქეთში [ანკარა, სტამბოლი, ტრაპიზონი]; იტალიაში [რომი, ბარი მილანი].
ოთხი უბანი გაიხსნება: გერმანიაში – ბერლინი, ფრანკფურტი, მიუნხენი, შტუტგარტი.
ხუთი უბანი გაიხსნება: აშშ-ში [ნიუ-იორკი – 3, ვაშინგტონი და სან-ფრანცისკო]; საბერძნეთში [ათენი – 3, სალონიკი – 2].

ემიგრანტი პოლონეთიდან:

ლევანი შიშნიაშვილი პოლონეთში ქალაქ ბიდგოშჩი ცხოვრობს, იგი დარეგისტრირდა არჩევნებში ხმის მისაცემად და თვლის, რომ განსაკუთრებით ემიგრანტებისთვის არის მნიშვნელოვანი წავიდნენ არჩევნებზე.

“ემიგრანტებმა იმიტომ უნდა დავაფიქსიროთ ჩვენი ხმა, რომ სამშობლოში დავბრუნდეთ, რაც შეიძლება მალე, რადგან როგორი შესაძლებლობებიც ევროპაშია, შანსი მიეცეს საქართველოს, მსგავსი განვითარების და თავისი მოქალაქეების დაბრუნების. ასევე მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენი ერთი ხმა არის გადამწყვეტი. ჩვენ ვართ ემიგრანტები და სამშობლოზე შეყვარებული ადამიანები, თუ გვინდა დავბრუნდეთ საქართველოში, არჩევნებზე არ წასვლა იგივეა, რომ არ გვინდოდეს დაბრუნება”. – განაცხადა ლევანი შიშნიაშვილმა

ემიგრანტი საბერძნეთიდან:

მაია წერეთელი, რომელიც საბერძნეთის ქალაქ კალამატაში ცხოვრობს ვერ ახერხებს არჩევნებზე წასვლას, რადგან საარჩევნო უბნის სიშორის გამო ტრანსპორტირება მისთვის ბარიერს წარმოადგენს.

“არჩევნებში მონაწილეობა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საკითხია. ძალიან გული მწყდება, იმ ბარიერის გამო, რაც უბნის სიშორით არის გამოწვეული, ჩემი ხმა ფაქტიურად დაიკარგება. ჩემსავით კიდევ ძალიან ბევრი ემიგრანტია, რომელსაც ეს შესაძლებლობა წაერთვა და ძალიან ცუდი ფაქტია, ისედაც დროში შეზღუდულ ემიგრანტებს, რომლებიც ყოველ დღეს საქართველოში დაბრუნების იმედით ათენებენ, არ ჰქონდეთ საშუალება არჩევნებზე თავისი აზრი დააფიქსირონ”. – აცხადებს მაია წერეთელი.