ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

მოსახლეობის აღწერა ნოემბრიდან დაიწყება

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2024 წლის 14 ნოემბრიდან დაიწყება.

საქართველოს მოსახლეობის და სასოფლო-სამეურნეო აღწერა 2 ეტაპად გაიმართება:

პირველი ეტაპი: 14-23 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება მოსახლეობის თვითრეგისტრაცია, რაც იმას გულისხმობს, რომ მოქალაქეები თავად, საქსტატის პერსონალის დახმარების გარეშე, შეავსებენ აღწერის კითხვარებს, წინასწარ მომზადებულ ვებ-პლატფორმაზე.

მეორე ეტაპი: 29 ნოემბრიდან 19 დეკემბრის ჩათვლით კი, საქსტატის მიერ მომზადებული 11 000 -მდე საველე პერსონალი სპეციალური კითხვარების მეშვეობით მთელი საქართველოს მასშტაბით კარდაკარ გამოკითხავენ მოსახლეობას.

„აღწერაში მონაწილეობის ვალდებულება საქართველოს ნებისმიერი ასაკის, ყველა მოქალაქეს აქვს, ასევე დროებით მაცხოვრებლებს, ასევე აღწერის პერიოდში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და ასევე მოქალაქეების არმქონე პირებს, გამონაკლისი არიან დიპლომატიური მისიით მყოფი მოქალაქეები და მათი ოჯახის წევრები. მოქალაქეს პირადი ინფორმაციის გაჟღერების შესახებ სურვილი შესაძლოა, არ გააჩნდეს, თუმცა კონფიდენციალურობა დაცულია ოფიციალური სტატისტიკის შესახებ კანონით და პერსონალურ მონაცემთა შესახებ კანონით. ასე რომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ადამიანს რაიმე სახის ინფორმაციის გაცემა არ უნდოდეს ან ეშინოდეს,“ – განაცხადა თოდრაძემ.

მოსახლეობის აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით 14 ნოემბერს დაიწყება და 19 დეკემბრამდე გაგრძელდება.

მაღალმთიან რეგიონებში კი, (ახმეტის რამდენიმე სოფელში), ამინდის შესაძლო გაუარესების გამო, „საქსტატმა“ აღწერის ჩატარება სექტემბერში დაიწყო.