ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

გაძვირდება თუ არა პური

ფქვილზე საიმპორტო გადასახადი 2025 წლის 1-ელ მარტამდე გახანგრძლივდა. საიმპორტო გადასახადი 2023 წლის ივნისიდან ამოქმედდა და ტონაზე 50 ლარს შეადგენდა. მოგვიანებით, 2023 წლის 10 ოქტომბრიდან ეს გადასახადი 250 ლარამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ფქვილთან ერთად საიმპორტო გადასახადი მოქმედებს ქერსა და ქატოზე, ფასი ერთ ტონაზე კი 100 ლარს შეადგენს.

,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის’’ აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, საიმპორტო გადასახადის შემოღების შედეგად ბიუჯეტმა საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო. მისივე თქმით, ფურზე ფასის მატება მოსალოდნელი არ არის.

,,ვფიქრობ, რომ პურის ფასთან მიმართებაში დღეს გამოწვევა ფაქტობრივად არ არის. როდესაც განვიხილავთ ამ ბოლო წლის მონაცემებს, რომელიც იმპორტის გადასახადის შემოღების შედეგად მოხდა, იქ ყოველთვის ვამბობთ, რომ საკმაოდ დიდი შემოსავალი მიიღო ამ გადასახადით ბიუჯეტმა, რომელიც ე.წ. ყულაბასავით არის, რომ დასჭირდეს გამოყენებული იქნება. დღეს-დღეისობით არავითარი გამოწვევა პურის ფასთან მიმართებაში არ არის.’’

დღეს საქართველოში ხორბალი 50 000 ჰექტარამდე მიწის ფართობზე ითესება. მოსავალმა დაახლოებით 200 ათასი ტონა შეადგინა. სილაგავა განმარტავს, რომ საქართველოში მოყვანილი ხორბალი მოთხოვნის 17-20%-ს აკმაყოფილებს. მისივე თქმით, ხორბლის ფასზე გავლენას თურქეთისა და ყაზახეთის მიერ ბაზრის ჩაკეტვა ახდენს.

,,ჯერჯერობით თურქეთი არ ხსნის თავის ბაზარს. 1 ოქტომბრამდე თურქეთს ჩაკეტილი აქვს თავისი შესყიდვები. ადგილობრივი ფერმერების მხარდაჭერით არის ეს გამოწვეული და რეალურად თურქეთმა საკმაოდ დიდი მოსავალი მიიღო, ამიტომ ბაზარს ყიდვის მოთხოვნა დააკლდა. შეიძლება უფრო ახალი წლისთვის გახსნას და მოთხოვნა გაჩნდეს. იქ შეიძლება წამოიწიოს ფასებმა. ყაზახეთსაც აქვს ჩაკეტილი რუსული იმპორტი, მაგრამ აქ შეიძლება გაიხსნას ბაზარი იმიტომ, რომ ყაზახეთს შედარებით დიდი მოსავალი აქვს და დაინტერესებულია მსოფლიო ბაზარზე გასვლით. შესაბამისად ისიც ტრანზიტს ახორციელებს რუსეთიდან. ანუ აქ ორმხრივად თუ არ იმუშავეს, მათ სხვანაირად არ გამოუვათ. ეს ორი ფაქტორია დღეს ძირითადად და შესაბამისად გლობალურად თუ შევხედავთ დიდი ძვრებს არ ველოდებით, მაგრამ ფასების ოდნავ წამოწევა შეიძლება მოხდეს იანვრის თვისკენ, უფრო წლის ბოლოსკენ.’’