კლინიკებში „ტრავმის რეესტრები“ დაინერგება
კლინიკებში ე.წ. ტრავმის რეესტრის სისტემები დაინერგება. სიახლეს „საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა“ ითვალისწინებს.
სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2025 წლის ბოლოსთვის უნდა განხორციელდეს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სოციალური კამპანია, რაშიც 2 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. იგივე პერიოდში დაგეგმილია სკოლების მიმდებარე ტერიტორიაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი, უკონტაქტო პატრულირების სამოქმედო არეალის გაფართოება, ეროვნული ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის დამატებითი განვითარება, ვიდეო-კამერების შესყიდვა და დამონტაჟება, ბავშვთა სავარძლების გამოყენების წამახალისებელი ღონისძიებების თაობაზე რეკომენდაციების შემუშავება, ქალაქ თბილისის მასშტაბით გონიერი სატრანსპორტო სისტემის (ITS) დანერგვა. იმავე პერიოდში – 2025 წლის მეოთხე კვარტლისთვის, საავადმყოფოებში უნდა დაინერგოს ე.წ. ტრავმის რეესტრის სისტემა და შეიქმნას ელექტრონული სისტემა. გარდა ამისა, ავტო-საგზაო შემთხვევის დროს დაშავებულთათვის მაღალი ხარისხის სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით დაგეგმილია სასწრაფოს ბრიგადების ტრენინგები.
,,საქართველოში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა რაოდენობის კლების პროცენტული მაჩვენებელი 2023 წელს 10% იყო, 2025 წელს კი 25% უნდა იყოს 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როდესაც ავტოავარიების შედეგად 7,921 ადამიანი დაშავდა. იმავე წელს გზებზე 481 მოქალაქე დაიღუპა. გეგმის თანახმად კი, ეს მაჩვენებელი 2025 წლისთვის 25%-ით უნდა შემცირდეს.
უნდა შემცირდეს სიმთვრალის, ასევე სიჩქარის გადაჭარბების მიზეზით მომხდარი ავტოავარიების, ასევე ავარიებში დაშავებული ქვეითების რიცხვი.
დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკის სამინისტროში უკვე შეიქმნა საგზაო უსაფრთხოების დეპარტამენტი”.
გეგმაში ასევე ვკითხულობთ, რომ 2025 წლის ბოლოსთვის მომზადდება საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების დაფინანსების სტაბილური სისტემის შექმნის მიზნით წინადადებების/კონცეფციის და ნორმატიული აქტის პროექტი. ამასთან, უახლოესი წლების რისკებად საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით დასახელებულია შემდეგი ფაქტორები: მართვის მოწმობის მქონე პირთა რაოდენობის ზრდა; საგზაო მოძრაობის მონაწილეების ქცევის მკვეთრი გაუარესება, რაც გამოიხატება საგზაო-მოძრაობის წესების დარღვევების რაოდენობის მნიშვნელოვანი მატებით; ქვეყანაში მოტოციკლეტების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა.