„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრისთვის ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს
„რუსული კანონი“ ბანკებს საჯარო რეესტრის მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში, საბანკო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებას აკისრებს. ამის შესახებ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადეს, სადაც “რუსული კანონის” წინააღმდეგ სარჩელის განხილვა გრძელდება.
საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა, გიორგი ბურჯანაძემ დასვა კითხვა, შეუძლია თუ არა რეესტრს ამ კანონმდებლობის საფუძველზე ბანკიდან ინფორმაციის მიღება. მან ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას განცხადება მოიყვანა, რომლის მიხედვითაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ შეეხება საფინანსო სექტორს და საბანკო კონფიდენციალურობა სპეციალური კანონმდებლობით არის დაცული.
ამის საპირისპიროდ, საჯარო რეესტრის უფროსი, დავით დევიძე ამბობს, რომ კანონი საბანკო ინფორმაციის გამოთხოვის უფლებასაც იძლევა.
„საბანკო ჩანაწერები და შესაბამისი ინფორმაცია არ არის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები და კანონი გამჭვირვალობის შესახებ ადგენს, რომ მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გამოთხოვის უფლება გვაქვს“,- განაცხადა დავით დავითაძემ.
თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ ტყეშელაშვილმა ასევე დაადასტურა, რომ ბანკებს ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება აქვთ.
„ჩვენ უფლება გვაქვს გამოვითხოვოთ. პირველი მტკიცებულება ჩვენთვის რა თქმა უნდა, არის საბანკო ამონაწერები. მათ ევალებათ ჩვენთვის ამ ინფორმაციის მოწოდება“,- განმარტა თამარ ტყეშელაშვილმა.