სოფელ კალაურში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო
სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ადგილობრივმა სამღვდელოებამ აცნობა ეკლესიის სახურავის დაზიანების შესახებ. მათი ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაზიანებულ სახურავს გადაუდებელი რეაბილიტაცია სჭირდებოდა. სააგენტოს მიერ იმავე დღეს ჩატარდა მონიტორინგი, რის შემდეგაც მომზადდა შესაბამისი საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. ეკლესიის კრამიტის სახურავი მთლიანად არის დაზიანებული და შენობას არ გააჩნია სარინელი.
რეაბილიტაციის პირველ ეტაპზე მოიხსნა ამორტიზებული კრამიტი როგორც ცენტრალური, ისე გვერდითი ნავების სახურავებიდან. ამჟამად მიმდინარეობს კრამიტის ქვეშ კირის დუღაბის მოხსნა. პროექტით ასევე გათვალისწინებულია ცენტრალური და გვერდითი ნავების სახურავებზე კირის ხსნარზე კრამიტის საბურველის მოწყობა. ასევე ბრტყელი რიყის ქვებით მოეწყობა სარინელი.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ ეკლესიის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 58 544 ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია – შპს „კამარა“ ახორციელებს.
კალაურის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი 2020 წლის 14 აპრილს მიენიჭა. ძეგლი მიეკუთვნება VI-VII საუკუნეებს და მოხატულია XVI საუკუნის შუა წლებში.