„საქართველოში ყოველი 5-დან 2 ბავშვი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის“
გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური და ეკონომიკური პროგრამების სპეციალისტმა ქეთევან მელიქაძის ინფორმაციით, საქართველოში 38% ანუ ყოველი 5-დან 2 ბავშვი მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
მისივე განცხადებით, ბავშვების სიღარიბეს უკვე რამდენიმე ათწლეულია სტატისტიკის ეროვნული სამსახური ზომავს. ამ მონაცემებით, ბავშვთა სიღარიბე იკლებს, მაგრამ ეს აბსოლუტური სიღარიბეა, რაც ოჯახში ფულის ნაკლებობას აჩვენებს.
,,მნიშვნელოვანია გამოვიყენოთ მრავალგანზომილებიანი სიღარიბის საზომი, რომელიც არა მარტო იმას ზომავს, თუ ბავშვების რა წილი ცხოვრობს მონეტარულ სიღარიბეში, არამედ იმას, თუ რა მნიშვნელოვან საგნებსა და მომსახურებებზე ეზღუდებათ წვდომა, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის განვითარებისთვის. “ბავშვთა კეთილდღეობის კვლევით” აღმოჩნდა, რომ საქართველოში 38% განიცდის მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს, ანუ პრაქტიკულად ყოველი 5-დან 2 ბავშვი. სხვა მაჩვენებლებიც გამოვიკვლიეთ. მაგალითად, ხელმისაწვდომობა განათლებაზე, ჯანდაცვაზე, საშუალება აქვს თუ არა ოჯახს, რომ ბავშვმა ისადილოს სკოლის საათებში. აღმოჩნდა, რომ ბავშვს, რომელსაც აქვს სოციალური დანაკლისი, და იმ ბავშვს შორის, რომელსაც არა აქვს, ძალიან მაღალი უთანასწორობაა”.
ქეთევან მელიქაძეს თქმითვე, ევროპული ინდექსი, რომელიც განიხილავს 16 მაჩვენებელს, რომელთა არქონა მნიშვნელოვან რისკს უქმნის ბავშვის განვითარებას. 16-დან 3 ან მეტი თუ აკლია ბავშვს, ითვლება, რომ იზრდება მატერიალურ და სოციალურ დანაკლისში. ესე იგი, ბავშვი მოკლებულია მინიმალურ საბაზისო საჭიროებებს: საჭმელს, ტანსაცმელს, განვითარებისთვის საჭირო საგნებს – წიგნებს, სათამაშოებს, ასევე სოციალური განვითარების მაჩვენებლებს, როგორიცაა თანატოლებთან ურთიერთობა, სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობა.
,,ინდექსი ადგენს, აქვს თუ არა ბავშვს საშუალება, ყოველდღე ჰქონდეს ცილოვანი საკვები ან მისი ჩამნაცვლებელი, იკვებება თუ არა ბოსტნეულითა და ხილით. ამ 16 მონაცემს შორის არის ისეთი საზომები, რომლებიც ადგენს, მაგალითად, აქვს თუ არა ოჯახს საშუალება გაათბოს ბინა. ამ კომპონენტების მიხედვით, ბავშვების 38%-ს 3 ან მეტი ფუნდამენტური ნიშანი აკლია იმისათვის, რომ ჰარმონიულად განვითარდნენ.
საქართველოში, რა თქმა უნდა, აბსოლუტური სიღარიბე მცირდება, მაგრამ კიდევ უამრავი ბავშვია, რომელთაც დახმარება სჭირდებათ. შესაძლოა არ არიან უკიდურესად ღარიბნი, ამიტომაც მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამაში ნაკლებად ჩანან. თუმცა სახელმწიფო ნელ-ნელა ზრდის ბავშვის დანამატს – თუ თავიდან ბავშვზე თვეში 10 ლარი იყო, ახლა ამ თანხამ 200 ლარს მიაღწია. შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე, რას აძლევს 200 ლარი ამ ბავშვს. ამაზეც ჩატარდა კვლევა. აღმოჩნდა, რომ ეს თანხა მშობლებისთვის მნიშვნელოვანია და მინიმალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას იძლევა. ზოგიერთმა მშობელმა გადაიფიქრა ემიგრაციაში წასვლა სწორედ დამატებითი თანხის წყალობით. ეს მათ ოჯახში მინიმალური სტაბილურობის შენარჩუნებაში ეხმარება“.