გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა
გურჯაანის მუნიციპალიტეტში ცოფის შემთხვევები დაფიქსირდა.
დაავადებული ძაღლები სოფელ ჩალაუბანსა და მელაანში შენიშნეს, რის შემდეგაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, ახლომდებარე სოფლებიდან 90-მდე ძაღლი გურჯაანის მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში გადაიყვანა.
თავშესაფრის დირექტორის, თემურ ზავრაშვილის თქმით, ამ ეტაპზე, თავშესაფარში ორი სოფლიდან შეყვანილი 14 ძაღლი მოკვდა.
მისივე თქმით, დაავადება თავდაპირველად ლეკვებს დაუდგინდა.
„ორ კვირაზე მეტია, რაც თავშესაფარში კარანტინი გვაქვს. მიზეზი ცოფის გამოვლინებაა. თავიდან ეჭვი იყო ძუსა და მის ლეკვებზე. მას შემდეგ, რაც ერთი ლეკვი მოკვდა, დავიწყეთ ახლო მდებარე ზოლში ძაღლების ხელახლა აცრა და შემხებლობაში მყოფი ყველა ცხოველი გადმოვიყვანეთ დაკვირვების ქვეშ – ჯამში, 90 ძაღლი, საიდანაც 14 მოკვდა. ჩვენ სააგენტოში კარანტინი გვაქვს. ვოლიერებში ჰიგიენური ნორმები დაცულია. 30 აგვისტომდე თავშესაფარი დაკეტილი იქნება. იმ ოჯახების წევრები, სადაც ფაქტები დაფიქსირდა, უკვე აცრეს ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინით“, – განაცხადა თავშესაფრის დირექტორმა.
წინა წლებში რეგიონში ცოფის მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული. ამ ეტაპზე ცოფი მხოლოდ გურჯაანის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.