გაიცანით ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტი მაგდა ქააძე – მფრინავი გოგონა თუშეთიდან
„ჯორჯიან ეარვეისის“ ეკიპაჟის ერთადერთი ქალი – მაგდა ქააძე ავიაკომპანიაში მეორე მფრინავად 2018 წლიდან მუშაობს. მაგდა თუშეთში გაიზარდა და ბავშვობაში ხშირად ადევნებდა თვალს სოფელში ჩამოფრენილ ვერტმფრენებს.
მაგდა ამბობს, რომ აღნიშნულ პროფესიაზე არ უოცნებია და არც ფიქრობდა, რომ ამ მიმართულებით დაიწყებდა საქმიანობას, თუმცა როცა პროფესიის არჩევაზე დაფიქრდა, გადაწყვიტა პილოტი გამხდარიყო ბევრი სწავლით და დაუღალავი შრომით მიზანს მიაღწია და ახლა ერთ-ერთი ახალგაზრდა პილოტია, რომელიც ბოინგს მართავს და სხვადასხვა მიმართულებით ფრენებს ასრულებს.
,,კომპანიაში 5-6 მფრინავია თუშეთიდან. ბავშვობაში ავიაციის სფეროს სწორედ ამ ადამიანებმა გამაცნეს. სოფელში ხშირად ჩამოდიოდნენ ადგილობრივი მფრინავები, ვერტმფრენით ჩამოფრინდებოდნენ ხოლმე. ეს ჩემთვის ახალი და უცხო იყო, ვინტერესდებოდი და ბევრს ვესაუბრებოდი მფრინავებს, შემდგარ ავიატორებს. ძალიან გამიმართლა ჩემს ოჯახში, ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით ერთმანეთის აზრსა და გადაწყვეტილებებს. ჩემი სურვილის გამოხატვა საკმარისი იყო იმისთვის, რომ ერთობლივად მიგვეღო გადაწყვეტილება, ჩამებარებინა საავიაციო უნივერსიტეტში. მამას გავუზიარე ჩემი სურვილი, რომ მფრინავის პროფესია მინდოდა შემესწავლა, მან ერთადერთი რამ მითხრა: რთულ პროფესიას ეჭიდები, ბევრი შრომა მოგიწევს და შეეცადე ყველაფერი გააკეთო ბოლომდე რომ მიიყვანო ეს საქმეო. სამწუხაროდ, მამა იმ წელს დაიღუპა, როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე. მართლაც ბევრი ვისწავლე, ვიშრომე და აქამდე მოვედი”,- აცხადებს მაგდა.
როგორც ახალგაზრდა ამბობს, პილოტისთვის მთავარი საქმეზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობა და ბევრი სწავლაა. მაგდა განმარტავს, რომ საავიაციო უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, პრაქტიკას თელავის აეროდრომ ,,მიმინოში“ გადიოდა, რაც როგორც თავად ამბობს, პირველი და დიდი გამოცდილება იყო მისთვის.
,,საავიაციო უნივერსიტეტში რომ ჩავირიცხე, დავიწყე თეორიული და პრაქტიკული სწავლება. თეორიული სწავლება მიმდინარეობდა თბილისში, უნივერსიტეტში, პრაქტიკული სწავლება კი მიმდინარეობდა თელავში, აეროდრომ ,,მიმინოში’’. დღესაც პრაქტიკულ სწავლებას მანდ გადიან სტუდენტები.
როცა სწავლა დავამთავრე, დავიწყე ერთ-ერთ ავიაკომპანიაში მუშაობა სხვადახვა პოზიციაზე. უნივერსიტეტი კი აძლევს სწავლებას სტუდენტს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. როცა დიდ ავიაციაში გადადიხარ, იქ უდა გაიარო სწავლება კონკრეტულად იმ ტიპის თვითმფრინავზე, რომელთანაც უნდა გვქონდეს შეხება. მაგალითად ,,ბოინგ 737’’-ზე, რომელზედაც დღეს მაქვს შეხება. შემდეგ ავიაკომპანიის დაფინანსებით გადამზადების კურსებზე გამიშვეს და ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ვიყავი იორდანიაში თვენახევარი და იქაც გავიარეთ თეორიული კურსი, სადაც ვსწავლობდით თვითმფრინავის სისტემის შესახებ ყველაფერს. ასევე გავიარეთ პრაქტიკული სწავლება, რომლის ფარგლებშიც გვქონდა ე.წ. ტრენაჟორი, რომელიც ერთ-ერთში იმეორებს თვითმფრინავის კაბინის მონაცემებს და ამის დახმარებით შესაძლებელია ვისწავლოთ ისეთი არასტანდარტული რაღაცეები, როგორიც არის ქარში თვითმფრინავის დაჯდომა, ძრავის გამორთვა და სხვა.
როდესაც მოვრჩით სწავლებას, მერე მოგვიწია ინსტრუქტორთან ერთად სწავლების გატარება და ფრენა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვქონდა შესაბამისი გამოცდილება გვემართა თვითმფრინავი, ინსტრუქტორთან ერთად ვასრულებდით ფრენებს. მერე როცა ეს საკითხებიც შევისწავლეთ და დარწმუნდა ინსტრუქტორიც, რომ მზად ვიყავით იმისთვს რომ დამოუკიდებლად გვემუშავა, დავიწყეთ მუშაობა’’,- განუცხადა knews.ge-ს მაგდა ქააძემ.
მაგდა ამ დროისთვის ,,ჯორჯიან ეარვეისის“ მეორე პილოტია. მას 6 წლის განმავლობაში უკვე 3000 საათამდე აქვს ნაფრენი. როგორც თავად ამბობს, არ ავიწყდება პირველი ფრენის ემოცია როგორც ინსტრუქტორთან ერთად, ისე დამოუკიდებლად, უკვე ავიაკომპანიაში მუშაობის დაწყების შემდგომ. არ ავიწყდება ინსტრუქტორების, კოლეგების, ხომალდის მეთაურების გვერდში დგომა და მხარდაჭერაც.
“არ არის მარტივი პროფესია, ბევრი თეორიული მასალაა ასათვისებელი, პრაქტიკული სწავლების დროს სიფრთხილეა საჭირო, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ შეასრულო. თუმცა როცა პროფესია შენია, ყველაფერი განიჭებს სიამოვნებას: ფრენის დროს ხედები, გამთენიისას მზის ამოსვლა, მზის ჩასვლა, წარმატებული აფრენა და დაფრენა, კმაყოფილი მგზავრები”,-აცხადებს მაგდა.
იმ ახალგაზრდებს, ვისაც სურვილი აქვს მომავალი ავიაციას დაუკავშიროს, მაგდა საკუთარი თავის რწმენასა და ბევრ შრომას ურჩევს.
,,აუცილებელია რწმენა, რომ სწორ არჩევანს აკეთებ. მაქსიმალურად მზად უნდა იყო, რომ ბევრი შრომა მოგიწევს, მაგრამ ეს შრომა შედეგს აუცილებლად გამოიღებს და მაშინ მიხვდები, რომ სწორად იქ ხარ, სადაც უნდა იყო და შენი ადგილი ავიაციაშია”
ფოტო: „ჯორჯიან ეარვეისი“
ნახეთ მაგდა ქააძის შესახებ knews.ge-ს მიერ მომზადებული მასალა.
„ფრენა დიდ ემოციებთანაა დაკავშირებული“ – გოგონა თუშეთიდან, რომელიც ბოინგის პილოტია