ქალი პარლამენტარები რეგიონებში კამპანიას ,,პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის” ახორციელებენ
ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები ახორციელებენ კამპანიას “პარლამენტარები ევროპული მომავლისთვის”, რაც მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები მოქალაქეებთან ერთად განიხილავენ მიმდინარე საკანონმდებლო გამოწვევებს, როგორიცაა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი და მისი პოლიტიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი შედეგები საქართველოს მოსახლეობაზე.
საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას ინფორმაციით, დეპუტატები ქვეყნის მასშტაბით ესაუბრებიან მოქალაქეებს იმ საკითხებზე, რაც ქვეყანას აწუხებს:
,,ჩვენ, დეპუტატები, დავდივართ მთელი საქართველოს მასშტაბით და ვცდილობთ საქართველოს მოქალაქეებს დაველაპარაკოთ იმ პრობლემებზე რაც აქვს დღეს ქვეყანას ,,რუსული კანონის” მიღების შემდეგ. ყველა სიკეთე რომელსაც ევროპული ინტეგრაციის პროცესში ვიღებდით, დგას კითხვის ნიშნის ქვეშ და შეიძლება შეწყდეს არჩევნების შემდეგ თუ ეს ხელისუფლება არ ჩაატარებს დემოკრატიულ არჩევნებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს აქვთ დიდი ინტერესი რამდენად მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ კანონის ამოქმედებას საბოლოო ჯამში. ვხედავთ დასავლეთი როგორ მკაცრად აფასებს მათ ქმედებას, ამას მივყავართ იზოლაციისკენ. იზოლაცია კი, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი დასავლური ფინანსური დახმარება შეწყდება. ქართველმა ხალხმა უნდა მოიპოვოს ეს ყველაფერი თავიდან, ხელახლა”.
ოპოზიციონერი პარლამენტარის ხატია დეკანოიძის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ამას მოჰყვება ძალიან სწორხაზოვანი და მკაცრი შეფასება:
,,ქართულ ოცნებას აქვს იმისი იმედი, რომ შეიძლება ზედმეტად მოიპოვოს არჩევნებზე პროცენტები. ეს იმედი მას გაუცრუვდება, რადგან თუ რამეს ექნება მნიშვნელობა, ეს იქნება ჩვენი მოქალაქეების აქტიურობა და ნება, რომელიც უნდა იყოს გამოხატული. ხოლო, იმ შემთხვევაში თუ არ შესრულდება ვენეციის კომიის რეკომენდაციები, იმ შემთხვევაში თუ ცენტრალური საარჩევნო კომისია გააკეთებს ყველაფერს საქართველოს მოქალაქეების და ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ, მაშინ ვენეციის კომისიას, ეუთო ოდირს და ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას, რომელიც ამ დასკვნებს აქვეყნებს, ექნება ძალიან სწორხაზოვანი და მკაცრი შეფასება”.
სალომე სამადაშვილს მიაჩნია, რომ დღევანდელმა ხელისუფლებამ ღიად აირჩია რუსეთისკენ მიმავალი გზა და მიუხედავად ამისა, ევროკავშირისა და ნატოს კარი ღია რჩება საქართველოსთვის.
,,მიუხედავად ხელისუფლების პოლიტიკისა, ნატოს სამიტზე საქართველო მიწვეულია. მიმაჩნია, რომ ოფიციალური ინსტიტუციებიდან, ინსტიტუცია რომელიც დარჩა საქართველოს კონსტიტუციის და კონსტიტუციაში ჩაწერილი ევროატლანტიკური მომავლის, ეს არის პრეზიდენტის ინსტიტუცია. ამიტომ, მიმაჩნია რომ სწორი იქნებოდა თუ ის წარმოადგენს საქართველოს ნატოს სამიტზე. რაც შეეხება რუსულ კანონს, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკის დარგში თქვა, რომ მისი მიღება შეუძლებელს ხდის საქართველოსთან ევროკავშირის მხრიდან მოლაპარაკებების გახსნას და სანამ არ შეიცვლება პოლიტიკა და სანამ არ გაუქმდება ეს კანონი, ევროკავშირი წყვეტს დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის. გადახედავს პოლიტიკას და შეზღუდავს წვდომას საერთაშორისო საკრედიტო ხაზებზე, რაც არის პირდაპირ საფრთხე ქვეყნის ეკონომიკისთვის. მოქალაქეებს, რომელიც ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში ცხოვრობენ, უქადის კიდევ უფრო მეტ სიღარიბეს, უპერსპექტივობას. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ სიმართლე, რატომ არის ეს კანონი რუსული, რატომ კლავს ის ამ ქვეყნის ევროპული მომავლის შანსს და რატომ არის შესაბამისად მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკის შეცვლაში მიიღონ მონაწილეობა, მათ შორის ჩვენმა მოქალაქეებმა, კონსტიტუციით მათთვის მინიჭებული უფლებების ფარგლებში“.