„სისხლი არ უნდა იყიდებოდეს“ – სისხლის ბანკებმა არაკომერციულ პირებად დარეგისტრირება დაიწყეს
სისხლის ბანკებისთვის არაკომერციულ იურიდიულ პირად დარეგისტრირების ვალდებულება 2024 წლის 1 ივლისის ნაცვლად 1 დეკემბრამდე გადაიდო.
როგორც ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, დღეს ქვეყანაში შესაბამისი ლიცენზიის მქონე 24 დაწესებულება მოქმედებს, რომელთაგან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით სამი ფუნქციონირებს, ხოლო სამ მათგანთან დაკავშირებით ლიცენზიის განახლების მოთხოვნით ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს.
სისხლის ბანკების წარმომადგენლების ნაწილი, რომლებსაც jandacva.ge ესაუბრა, ამბობს, რომ არ ელოდებიან ზოგადად რეფორმის შეფერხებას, რომლის თანახმადაც, 2025 წლის 1 ივლისიდან ქვეყანაში სისხლის ანაზღაურების სანაცვლოდ ჩაბარება აიკრძალება. ჰემატოლოგის, ტრანსფუზიოლოგის, ღუდუშაურის სისხლის ბანკის დირექტორის მაია ბეროძის განცხადებით, სისხლის დონაციის სრულად უანგარობის პრინციპზე გადასვლისთვის მზადება წლებია დაწყებულია და ეს პროცესი ძალაში 2025 წლის 1 იანვრიდან შევა. 2025 წლის 1 ივლისიდან კი ანაზღაურების სანაცვლოდ სისხლის ჩაბარება სრულად აიკრძალება.
მისი თქმით, ესაა აუცილებელი ცვლილება, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაა და ამასთან, ეს იქნება წინგადადგმული ნაბიჯი, რათა პაციენტისთვის ყველა ტრანსფუზია იყოს უსაფრთხო.
„ჩემი, როგორც ტრანსფუზიოლოგის პოზიციაა, რომ ეს ვადები არ უნდა შეიცვალოს. აქ ადამიანების მენტალიტეტიცაა შესაცვლელი, რადგან სისხლი არ უნდა იყიდებოდეს,“ – აღნიშნა მაია ბეროძემ.
ცნობილია, რომ სისხლის გადასხმა, სხვადასხვა დაავადების დროს, ერთადერთი გამოსავალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, რადგან ის უნიკალური პროდუქტია და მისი შემცვლელი ხელოვნური ხსნარები არ არსებობს.
არსებული მონაცემებით, უანგარო დონორების წილი ყოველწლიურ დონაციებში, დაახლოებით, 40%-ია, დანარჩენი დონორები ახლობლისთვის აბარებენ სისხლს, ან – ფულადი გასამრჯელოს ნაცვლად. სახელმწიფოს მიზანია, მაქსიმალურად გაზარდოს უანგარო დონორების წილი, მოხდეს უანგარო დონორების მოზიდვა და ამავდროულად, იმუშაოს მათ შენარჩუნებაზე რეგულარულ დონორებად, ვინაიდან უანგარო რეგულარული დონორები არიან ქვეყანაში უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის მარაგების შექმნის გარანტი.
წყარო: jandacva.ge