საქსტატი-მოსახლეობის 25,5% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის
მოსახლეობის 25,5% წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული არ არის. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ირკვევა.
კერძოდ, გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებული იყო 2.75 მილიონი ადამიანი (მთლიანი მოსახლეობის 74.5%), რაც 3.0%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (2.67 მილიონი ადამიანი).
ამასთან, 2023 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 29 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 231.5 მილიონი კუბური მეტრი შეადგინა, რაც 11.3%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე (208.0 მილიონი კუბური მეტრი).
გარდა ამისა, სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს წყალარინების (კანალიზაციის) ქსელზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ 1.98 მილიონი შეადგინა (მთლიანი მოსახლეობის 53.7%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.96 მილიონი) აღემატება 1.0%-ით. 2023 წელს ჩამდინარე წყლის გამწმენდ ნაგებობაზე მიერთებული მოსახლეობის რიცხოვნობამ შეადგინა 1.52 მილიონი (მთლიანი მოსახლეობის 41.2%), რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (1.49 მილიონი) აღემატება 2.0%-ით.