აუდიტი-შესყიდვების მართვის პროცესი რამდენიმე ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, შესყიდვების მართვის პროცესი რამდენიმე ორგანიზაციაში ნაკლოვანებებით მიმდინარეობს შესყიდვების თითქმის ყველა ეტაპზე და მოიცავს ხარვეზებს როგორც საწყის − საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ბაზრის კვლევის, ასევე სატენდერო პროცედურების, ხელშეკრულებების მართვის, სამუშაოების ზედამხედველობისა და მიღება-ჩაბარების განხორციელების ეტაპებზე.
სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული ნაკლოვანებები წარმოშობს საბიუჯეტო სახსრების არაეკონომიური, არაპროდუქტიული და არაეფექტიანი განკარგვის რისკებს.
“სსიპ − საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 – 2020 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი: –
შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, რომელიც გაფორმდა ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გამოცხადებულ ტენდერებში უკონკურენტო პირობებში გამარჯვებულ მიმწოდებელთან, სამუშაოთა ერთეულების ფასების გაზრდის შედეგად, შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებები და შესაბამისად, საკონტრაქტო ფასები, გაზრდილია 422.4 ათასი ლარით.
უჯარმის ციხე-ქალაქის რეაბილიტაცია-კონსერვაციის სამუშაოების შესყიდვისას, სატენდერო კომისიის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, არსებობდა 72.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა, ნიკორწმინდისა და უფლისციხის ობიექტებზე კი – 193.2 ათასი ლარის ეკონომიის მიღების შესაძლებლობა.
შერჩეული ხელშეკრულებების მიხედვით, შესრულებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვები ხელოვნურადაა გაზრდილი და შესაბამისად, სამუშაოთა შემსრულებლებისათვის ზედმეტად არის ანაზღაურებული ნოქალაქევის კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე – 277.8 ათასი ლარი, ოპერის თეატრის რეაბილიტაციის სამუშაოებზე – 228.4 ათასი ლარი, გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის საგამოფენო სივრცის მოწყობის სამუშაოებზე – 20.8 ათასი ლარი.
შპს “სანდასუფთავების“ საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი:
შპს “სანდასუფთავების“ მიერ რიგ შემთხვევებში ბაზრის კვლევა განხორციელებულია არასრულყოფილად. კერძოდ, არ არის შექმნილი სრული სურათი ბაზარზე არსებული შემოთავაზებების, მათ შორის პოტენციურ მიმწოდებელთა ვინაობის, არეალის, მათი შესაძლებლობების, შესყიდვის ობიექტის ტექნიკური და ხარისხობრივი მახასიათებლების, მიწოდების პირობებისა და ვადების, ასევე შესყიდვის სავარაუდო ღირებულების თაობაზე. აღნიშნულმა განაპირობა, რომ ცალკეულ შემთხვევებში საკონტრაქტო ფასებსა და სავარაუდო ღირებულებებს შორის ფიქსირდება მნიშვნელოვანი სხვაობები. 2021-2022 წლებში 62 შემდგარი ტენდერიდან 14-ში სავარაუდო სატენდერო ღირებულება განისაზღვრა 1.1 მლნ ლარით. პრეტენდენტების მიერ სავარაუდო ღირებულება შემცირდა 368 ათასი ლარით (33%-ით) და 758.9 ათასი ლარი შეადგინა“, – წერს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პარლამენტში წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.