როგორია სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები
სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ვადები კატეგორიებისa და ქვეკატეგორიების მიხედვით განისაზღვრება.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ვადების განსაზღვრა შემდეგნაირად ხდება:
AM, A, B, BE, T, S, A1, A2, B1 – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 15 წლით;
C, CE, D, DE, C1, C1E, D1, D1E – კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მართვის მოწმობის მოქმედების ვადა განსაზღვრულია 5 წლით.
რაც შეეხება საერთაშორისო მართვის მოწმობას, მისი მოქმედების ვადა 3 წლით არის განსაზღვრული (განურჩევლად მინიჭებული კატეგორიისა და ქვეკატეგორიებისა).
მართვის მოწმობები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოცვლას:
2006 წლის 1-ელ აპრილამდე საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1 აპრილს ამოეწურათ. მათი შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ფილიალში. შესაცვლელად, საჭიროა პირმა წარმოადგინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და მოქმედი მართვის მოწმობა.
2006 წლის 1-ლი აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „C“, „CE“, „D“, „DE“, „C1“, „C1E“, „D1“ და „D1E“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა 2019 წლის 1 მარტს ამოეწურათ.
2006 წლის 1-ლი აპრილიდან 2014 წლის 1 მარტამდე საქართველოში გაცემულ „A“, „B“, „BE“, „T“, „S“, „A1“ და „B1“ კატეგორიების (ქვეკატეგორიების) მართვის მოწმობებს მოქმედების იურიდიული ძალა შეუნარჩუნდებათ 2028 წლის 1 სექტემბრამდე.
ცნობისთვის, მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, მართვის მოწმობის შეცვლა ხდება მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების გარეშე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა IV-100/ა) წარდგენის საფუძველზე.
ცნობილია მართვის მოწმობის შეცვლის საფასურიც და ის 15 ლარს შეადგენს.
კატეგორიებიდან გამომდინარე, საჭიროა კანონმდებლობით დადგენილ ვადებში მართვის უფლების მფლობელმა მოქმედების ვადის გახანგრძლივების მიზნით წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ – აღნიშნავენ შსს-ის მომსახურების სააგენტოში.