ვინ არის პირველი ტრაქტორისტი ქალი ქიზიყიდან
სიღნაღის მუნიციპალიტეტში კვარცხლბეკზე შემდგარი ტრაქტორი საქართველოში პირველ ტრაქტორისტ ქალს, ელენე ნატროშვილს სიცოცხლეშივე მიუძღვნეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ელენე ნატროშვილი სოფელ ტიბაანში ცხოვრობდა და კოლმეურნეობაშიც იქვე მუშაობდა. რუსეთ-გერმანიის ომის დროს ტრაქტორზე დაჯდა და დღედაღამ შრომობდა, ოჯახი რომ ერჩინა. ამბობენ, ხშირად ტრაქტორს ჩიხტიკოპით თავშებურული მართავდაო.
ელენე სხვა ქალებივით მუშაობდა კოლექტივში. 1941 წელს როცა ომი დაიწყო, კოლმეურნეობაში უთქვამთ, ზურგში საქმიანობა არ უნდა შევწყვიტოთ, ტრაქტორის მართვა ქალებმაც უნდა ისწავლოთო, საქართველოში პირველს ელენეს უთქვამს, მე შემასწავლეთ და ვიმუშავებო. ასე გახდა ელენე ბაბო პირველი მექანიზატორი ქალი საქართველოში. 1941 წელს დაიწყო მუშაობა და 1961 წლამდე ტრაქტორი არ მიუტოვებია. ომიანობის წლებში მარტო სიღნაღის რაიონში თურმე 30 ქალი მართავდა ტრაქტორს.