თამარ ასათაშვილი- მომავალი ელექტრული ინჟინერი ახმეტიდან
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მცხოვრები თამარ ასათაშვილი მომავალი ელექტრული ინჟინერია. ის ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეა, თუმცა ახალი ტექნოლოგიების და ელექტრული ინჟინერიის მიმართულებით გარკვეული ცოდნა უკვე დააგროვა.
თამარი სამომავლოდ გეგმავს, რომ აღნიშნული მიმართულებით ცოდნა გაიღრმავოს და თავის ძირითად პროფესიად აქციოს. თამარმა, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სხვა ახალგაზრდებთან ერთად, ჰიბრიდულ რეჟიმში 2 თვის განმავლობაში უფასოდ შეისწავლა ახალი ტექნოლოგიების პროფესიების ბაზისები, რომლის ფარგლებშიც მათ შექმნეს მინი პროექტები – CorelDraw-ს, Front end დეველოპმენტის, სოციალური მედია და Copywriting-ის, ანიმაცია და პროგრამირების და Arduino-ს მიმართულებებით.
ახალგაზრდა ამბობს, რომ მას უნარების განვითარებასა და ცოდნის დაგროვებაში ახმეტის ინოვაციების ცენტრი და იქ ჩატარებული ტრენინგები დაეხმარა.
,,ვარ ახმეტის ინოვაციების ცენტრის აქტიური წევრი. სწორედ მათი დახმარებით გავიარე ტრენინგები, რომელიც საკმაოდ კარგი იყო. ერთ-ერთი იყო Arduino. ადრე კი გავლილი მქონდა პროგრამირებადი დაფის, ანუ კალიოპეს ტრენინგები და ამან უფრო გამიადვილა სიახლეების შესწავლა’’,- აცხადებს თამარ ასათაშვილი.
ახალგაზრდამ მიღებული ცოდნით შექმნა პროექტი კალიოპე, რომელიც სენსორულია და აღიქვამს მოძრაობებს. მისი თქმით, მოძრაობის აღქმის შემდეგ მოწყობილობა სპეციალურ ხმას გამოსცემს.
,,მიღებული ცოდნით, მე გავაკეთე პროექტი ,,კალიოპე” და მასზე მაქვს აწყობილი შემდეგი რაღაცეები: როდესაც სენსორი აღიქვამს რაიმე მოძრაობას, ასევე რადიაციას, კომპიუტერთან ახლოს თუ დავდებთ, მე კოდი მაქვს ისე აწყობილი, რომ მან გამოსცეს ხმა. ის იწყებს სიმღერას, რომლის არჩევაც თავად შეგვიძლია’’,– აცხადებს თამარი.
ახალგაზრდა ამბობს, რომ სამომავლოდ დაგეგმილი აქვს ელექტრული ინჟინერიის კუთხით მეტი ისწავლოს და ცოდნა აიმაღლოს.
,,მომავალში მინდა ელექტრული ინჟინერი გავხდე, აქედან გამომდინარე, ეს სფერო და ეს მოწყობილობები დიდ კავშირშია ჩემს ინტერესებთან. მინდა უფრო მეტის შესწავლა. ვარ მომავალი ინჟინერი და სანამ დავამთავრებ სკოლას, აუცილებლად ვიქნები ინოვაციების ცენტრის აქტიური წევრი და არცერთ ტრენინგს არ გამოვტოვებ, რაც ჩემს მომავალ პროფესიასთან იქნება კავშირში’’,– განაცხადა თამარ ასაღაშვილმა.