„დარწმუნებული ვარ, ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება“ – EU-ს ელჩი უვიზო მიმოსვლის გადახედვაზე
საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას შესაბამისი შედეგები მოჰყვებოდა.
ელჩი Movement-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა EU-ს ინსტიტუტებს რეაგირებისთვის შესაძლო ვერსიების მომზადება სთხოვეს. ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ მაგიდაზე დევს ყველა ვარიანტი და თითოეული მათგანი განიხილება.
„წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირის სხვადასხვა იუნიონისტებს შესაძლო ვარიანტების მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 სახელმწიფოს შორის, ისინი გადაწყვეტენ, რომელი ვერსია უნდა მისდიონ. ეს მინისტრები ივნისში შეხვდებიან ერთმანეთს და ვიმედოვნებ, გადაწყვეტილებას მიიღებენ. ახლა ყველა ვერსია განიხილება, ვგულისხმობ ყველანაირს, მაგრამ გადაწყვეტილება 27-მა სახელმწიფომ უნდა მიიღოს“, – აღნიშნა ელჩმა.
ელჩი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, რომელიც ივნისში უნდა გაიმართოს, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.
ჰერჩინსკიმ ინტერვიუში ისაუბრა ვიზა ლიბერალიზაციის საკითხზეც და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია მინისტრები პირობების გადახედვას ერთ-ერთ ვერსიად განიხილავენ. მისი თქმით, კანონის მიღების შემდეგ უნდა გადამოწმდეს პირობები, რის საფუძველზეც საქართველო ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით სარგებლობს. ელჩის თქმით, ვიზალიბერალიზაციის 6 თვით შეჩერებისთვის წევრი სახელმწიფოების ხმათა უმრავლესობაც საკმარისია.
„ჩვენ შევთანხმდით ვიზა ლიბერალიზაციაზე საქართველოსთან გარკვეული პირობების დაცვით. გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების შემდეგ, საჭიროა შევანიწნით ვრცელდება თუ არა ეს პირობები საქართველოზე. ვიზალიბერალიზაციის ექვსი თვით მის შეჩერებას წევრი სახელმწიფოების უმრავლესობის ხმა სჭირდება, დარწმუნებული ვარ, რომ ეს ერთ-ერთ ვარიანტად განიხილება. ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები“, – აღნიშნა პაველ ჰერჩინსკიმ.
მანვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერებას პირადად ის არ ეთანხმება, იქიდან გამომდინარე, რომ ამით მძიმე საფასურს ხალხი გადაიხდის.
„ჩემთვის პრობლემა არის ის, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება გავლენას მოახდენს მოქალაქეებზე, რადგან ისინი ევროკავშირში წლებია თავისუფალი მიმოსვლით სარგებლობენ. ამ გადაწყვეტილებებით ხალხი მძიმე საფასურს გადაიხდის და დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ნამდვილად ევროკავშირის მიზანია. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა. საბოლოო გადაწყვეტილება წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების მისაღებია მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში.