ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული პრობლემები კახეთში – ინფოგრაფიკა
ადრეულ ქორწინებად ითვლება ოფიციალური ან არაოფიციალური კავშირი ორ ადამიანს შორის, რომელთაგან ერთ-ერთს მაინც არ მიუღწევია 18 წლის ასაკისათვის.
არსებული მონაცემებით, 20-24 წლის ასაკის ქალთა 14 % აღნიშნავს, რომ ოჯახი 18 წლის ასაკამდე შექმნა. ვაჟებში ხუთჯერ უფრო ნაკლებია ადრეული ქორწინების შემთხვევები.
ადრეული ქორწინების საქართველოს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.
უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს ზუსტი მონაცემები ადრეული ქორწინების შესახებ, რადგან ქორწინებათა უმრავლესობა არ არის რეგისტრირებული.
ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, განათლების შეწყვეტა და ა.შ.
კახეთის რეგიონიდან ადრეული ქორწინების თაობაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს ჯამში 31-მა მოქალაქემ მიმართა.
უწყებაში განმარტავენ, რომ მათი რიცხვი შესაძლოა გაცილებით მეტი იყოს, რადგან ფაქტების შესახებ შესაბამის სამსახურებამდე ინფორმაცია არ მიდის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქვეყანაში ქორწინება 18 წლის ასაკიდანაა დაშვებული. 2016 წლის პირველი იანვრიდან გაუქმდა წესი, რომლის თანახმადაც,16 წელს მიღწეულ პირთა ქორწინება მშობლების თანხმობით დაიშვებოდა.
კანონმდებლობაში ეს ცვლილება გაეროს ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაციით იქნა შეტანილი.
სქესობრივი კავშირი 16 წელს მიუღწეველ პირთან სისხლის სამართლის დანაშაულია და დამნაშავე ისჯება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით, რომელიც 1-დან 3 წლამდე პატიმრობას გულისხმობს.
ასევე ისჯება იძულებითი ქორწინება. სასჯელს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე პრიმა მუხლი განსაზღვრავს.