“მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე იგეგმება
თელავში “მიმინოს” აეროდრომის რეაბილიტაცია გაზაფხულზე დაიწყება.
საავიაციო უნივერსიტეტის რექტორის ინფორმაციით, ობიექტის რეაბილიტაციის შემდეგ თელავიდან 20 ადგილიანი თვითმფრინავი იფრენს.
სერგო ტეფნაძის განმარტებით, აეროდრომის რეაბილიტაციას თავად უნივერსიტეტი დააფინანსებს.
მისივე თქმით, მგზავრებს თელავში იგივე ავიაკომპანია მოემსახურება, რომელიც საქართველოში სხვა შიდა ფრენებზე მუშაობს.
აეროპორტი სრულად სერტიფიცირებულია კატეგორიით, რომელსაც 5 500 კილოგრამამდე საჰაერო ხომალდის მიღება შეუძლია. „მიმინო“ 2013 წლიდან საქართველოს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბალანსზეა.
აეროპორტი აღჭურვილია სასწავლო მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და საჰაერო ხომალდებით.
აეროდრომის ტერიტორიაზე განთავსებულია თვითმფრინავების ტექნიკური მომსახურების საწარმო, სანავიგაციო კოშკურა, აეროვაგზლის შენობა მგზავრებისათვის და საერთო საცხოვრებელი პილოტ-ინსტრუქტორებისა და საინჟინრო-ტექნიკური პერსონალისთვის. ამჟამად აქ საფრენოსნო და საინჟინრო ფაკულტეტის სტუდენტები პრაქტიკულ მომზადებას გადიან.