ახალი ამბები

პანკისის სახალხო კრება განცხადებას ავრცელებს

პანკისის ხეობის მოსახლეობა სპეციალურ მიმართვას ავრცელებს. ისინი მალხაზ მაჩალიკაშვილს თანადგომას უცხადებენ.

ადგილობრივები სუს-ის მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებს უნდობლობას უცხადებენ . ისინი ამავე დროს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე დროულ სამართლიანი მართლმსაჯულებასა და დანაშაულისთვის პასუხისმგებელი პირების დასჯას მოითხოვენ.

„თემირლან მაჩალიკაშვილის საკითხის გამოძიება არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პანკისის ხეობის თითოეული მკვიდრისთვის და ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ველოდებით გამოძიების დასრულებას და ჩვენს კითხვებზე პასუხს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აქამდე, მიუხედავად საკითხის მაღალი აქტუალობისა, ხეობის მოსახლეობა სიფრთხილით ეკიდებოდა თემის პოლიტიზირების რისკებს და თავს იკავებდა რუსთაველზე მიმდინარე აქციებში მონაწილეობისგან.

თუმცა ეს გარემოება არ შეიძლება იყოს აღქმული, როგორც პანკისის ხეობაში მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლიანობისთვის ბრძოლის პროცესის მხარდაჭერის დასუსტება.

უკვე წელიწადნახევარია ჩვენ თვალს ვადევნებთ შვილმოკლული მამის სამრთლებრივ ბრძოლას. მალხაზ მაჩალიკაშვილმა დასაწყისშივე პირადი შურისძიების გზას არჩია მართლმსაჯულების აღსრულება. თუ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილის ემოციური მდგომარეობა არის კრიტიკულად მაღალი და მის ფიქრებში კვლავ ტრიალებს შურისძიების თემა, პასუხისმგებლობას ვანიჭებთ ხელისუფლებას.

ნაცვლად იმისა, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის სამართლებრივი ბრძოლა იყოს მხარდაჭერილი და საკითხი დროულად გამოძიებული, ჩვენ ვხედავთ მსხვერპლის არ აღიარების პოლიტიკას, მიზანმიმართული პროვოციერების და მალხაზ მაჩალიკაშვილის სულიერი მდგომარეობით მანიპულაციის მცდელობებს.

თემირლანის საქმე ჩვენთვის არა მხოლოდ უსამართლო მართლმსაჯულების მაგალითია, არამედ პანკისელების კანონის და სასამართლოს გარეშე ტერორისტებად გამოცხადების პრაქტიკის გაგრძელებაა. ჩვენთვის ნიშანდობლივია სუსის განცხადებაში მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული აუდიჩანაწერის კვალიფიკაცია, როგორც ტერორისტული აქტის მომზადების მცდელობა.
რადგან ამ ფარულ ჩანაწერებში იკვეთება შვილის მკვლელობით სასოწარკვეთილი ადამიანი, რომელიც საუბრობს შურისძიებაზე და არა რაიმე მიზნის მიღწევაზე საზოგადოების დატერორების გზით.

შესაბამისად ტერორიზმის კვალიფიკაცია აღიქმება, როგორც კიდევ ერთი მიზანმიმართული მცდელობა იმისა ,რომ პანკისის მოსახლეობა კვლავ მოინიშნოს საფრთხედ და ტეორიზმთან კავშირში ხეობის ასოცირებით მოხდეს დასჯასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული პოლიტიკის გაგრძელება პანკისის ხეობის მიმართ. ჩვენ ხელისუფლებისგან ვითხოვთ სამართლიანობაზე დაფუძნებულ მშვიდობას”, -აღნიშნულია პანკისის სახალხი კრების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 6 მაისს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის ორგანიზების გზით რამდენიმე პირის მკვლელობა ჰქონდა განზრახული.