საგარეჯოს სოფლებში ეროვნული სანავიგაციო პროექტის საველე–აღწერითი სამუშაოები დასრულდა

ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის ფარგლებში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საველე ოპერატორებმა აღწერითი სამუშაოები დაასრულეს.

45 სოფელში აღწერილია 17137 მიწის ნაკვეთი, 31762 შენობა-ნაგებობა, 17137 სამისამართო ერთეული, 1054 ინტერესის ობიექტი და 824 საგზაო ნიშანი.

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ სოფლის ტიპის დასახლებული პუნქტების საველე აღწერა ეროვნული სანავიგაციო სისტემის შექმნისა და განვითარების პროექტის მეორე ეტაპია.

,,პროექტის პირველ ეტაპზე, ქალაქისა და დაბის ტიპის ყველა დასახლებული პუნქტი აღიწერა. საჯარო რეესტრის საველე ოპერატორები სოფლებში პლანშეტური კომპიუტერების გამოყენებით მუშაობენ და როგორც სანავიგაციო, ისე სამისამართო მონაცემებს ერთიანად, ციფრულ ფორმატში აღწერენ.

ეროვნული სანავიგაციო სისტემა მომხმარებელს ინფორმაციის მოძიებას, ადგილმდებარეობის იდენტიფიცირებას და დანიშნულების ადგილამდე მისასვლელი ოპტიმალური მარშრუტის შერჩევას გაუადვილებს. სანავიგაციო სისტემებსა და ციფრულ რუკებზე გამოსახული ინტერესის ობიექტები ადგილობრივი და უცხოელი ტურისტებისთვის გაცილებით ცნობადი და იოლად მოსაძებნი გახდება, რაც ტურიზმის განვითარებას, ქვეყნის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბიზნესს შეუწყობს ხელს.

რაც შეეხება მოწესრიგებულ სამიმართო სისტემას, მოსახლეობითვის ისეთი სერვისების მიწოდება გაუმჯობესდება, როგორიცაა პიროვნების, ნაკვეთის, შენობისა და ბინის რეგისტრაცია, სოციალური დახმარებების ადმინისტრირება, ფოსტა, სახანძრო, სამართალდაცვითი ღონისძიებები, სასწრაფო დახმარება და სხვა”,– აცხადებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *