ახალი შუამთის სამონასტრო კომპლექსის აღდგენისთვის ფონდი შეიქმნა
ახალი შუამთის მონასტრის კომპლექსის აღდგენისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნა. ფონდის მიზანია ახალი შუამთის უნიკალური მონასტრისთვის პირვანდელი სახის დაბრუნება და მის ბაზაზე საგანმანათლებლო ცენტრების ჩამოყალიბებაზე მუშაობა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფონდის დაარსებისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართული ეკლესია-მონასტრები ყოველთვის იყო საგანმანათლებლო ცენტრები და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ქართველი ერი ასე ამაყობს და რომლებიც მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს.
„ისტორიულად, განათლების ცენტრი და ქართული ეკლესია ყოველთვის ერთმანეთთან ასოცირდებოდა. ყველა ქართული ეკლესია და მონასტერი იყო საგანმანათლებლო ცენტრი და იმ ლიტერატურული ძეგლების უმეტესობა, რომლებითაც ჩვენ ასე ვამაყობთ და რომლებიც ჩვენს მიერ მსოფლიო ცივილიზაციაში შეტანილი მნიშვნელოვან წვლილს წარმოადგენს, სწორედ ქართულ ეკლესიებში იწერებოდა. ნიშანდობლივი და სასიხარულოა, რომ ეს ტრადიცია 21-ე საუკუნეში გრძელდება და ჩვენს მომავალ თაობებს ექნებათ საშუალება, განათლება ასეთ ცენტრში მიიღონ. ჩვენი მთავრობისთვის განსაკუთრებულ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა. ამ მიმართულებითაც ქართული ეკლესია-მონასტრები ჩვენი ყველაზე დიდი სიმდიდრეა და მათ სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა, რათა ჩვენ დარწმუნებული ვიყოთ, რომ შევძლებთ, ეს უნიკალური საგანძური მომავალ თაობებს პირვანდელი სახით გადავცეთ“,- აღნიშნა პრემიერმა.
ახალი შუამთის მონასტრის აღდგენის ფონდის პრეზენტაციას, რომელიც საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში, კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს წარმომადგენლები და ფონდის დამფუძნებლები დაესწრნენ.
ნიკოლოზ ესიტაშვილი