სტატიები

თელავი არჩევნები წინ – მერობის კანდიდატების საარჩევნო გზავნილები

თვითმმართველობის არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. 2014 წლის 15 ივნისს გამართულ არჩევნებზე თვითმმართველი ქალაქი თელავი მერს პირველად აირჩევს. თელავის საარჩევნო ოლქში მერობის არც ერთი კანდიდატი დარეგისტრირებული არ არის, თუმცა ქალაქის პირველი პირის პოსტის დაკავების  სურვილი რამდენიმე კანდიდატმა უკვე ღიად დააფიქსირა და საარჩევნო კამპანიაც დაიწყო. თელავის მერის პოსტზე ბედს სცდის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ქეთევან ზაქარიაშვილი. ამ დრომდე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შორის ზაქარიაშვილი ერთადერთი მანდილოსანია.

რა საარჩევნო გზავბილები აქვთ მერობის კანდიდატებს და როგორ აფასებენ ისინი წინასაარჩევნო გარემოს? ჩვენ მიერ მომზადებული  სპეციალური რეპორტაჟი არჩევნებამდე ერთი თვით ადრე.

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თელავის მერობის კანდიდატად  პლატონ კალმახელიძე ძირძველი თელაველობისა და წარმატებული მენეჯერული თვისებების გამო დაასახელა. კოალიცია ქართული ოცნების მერობის კანდიდატი პროფესიით ზოგადი პროფილის მკურნალი ექიმია, თუმცა ამ მიმართულებით არასოდეს უმუშავია. სამაგიეროდ ბიზნესის მართვის სფეროში ათწლიანი გამოცდილება აქვს და ამჟამად კომპანია „ბილაინის““ თელავის ოფისის მენეჯერია. ყველაზე აპოლიტიკური და ამავე დროს მაღალანაზღაურებადი თანამდებობიდან პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილებას ის თანაქალაქელების დახმარების სურვილით ხსნის.  მერობის კანდიდატს საარჩევნო პროგრამა ჯერ ბოლომდე არ აქვს ჩამოყალიბებული. არჩევის შემთხვევაში, კალმახელიძე თვითმმართველი ქალაქის განვითარების პროგრამაში ბიზნეს საქტორის წარმომადგენლებს ჩართვას გეგმავს, სასმელი წყლისა და კანალიზაციის პრობლემის გადაჭრის პირობას დებს და უმუშევრობის შესამცირებლად აქტიურ მუშაობას დაიწყებს:

თელავის განვითარებისათვის კალმახელიძე ტურიზმს დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.  მმართველი გუნდის მერობის კანდიდატი  ბატონის ციხის რეაბილიტაციაზე ოცნებობს. პატარა კახის ციხის რეაბილიტაცია კალმახელიძის  მთავარი პრიორიტეტების ნუსხაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.  ტურიზმის განვითარების მიმართულებით პლატონ კალმახელიძის გეგმებში თელავის თეატრის იერსახის შეცვლაც შედის და ამ მხრივ სამოქალაქო საზოგადოების აქტურ ჩართულობაზეც საუბრობს.

კალმახელიძეს საკუთარი ავტომობილი არ ჰყავს და შეძენასაც არ აპირებს. გამარჯვების შემთხვევაში მერიის კუთვნილი ავტომობილით ისარგებლებს:

„იმის გამო, რომ სამსახურის ავტომობილი მემსახურებოდა, ჩემი საკუთარი მანქანა არ მყავს. არც ახლა არ ვაპირებ შეძენას, რადგან, გამარჯვების შემთხვევაში, გადაადგილების პრობლემა არ მექნება“.

მერის პოსტზე არასაპარლამენტო ოპოზციიდან – თავისუფალი საქართველო — მემარცხენე პოლიტიკური პარტია საქართველოში და ახალი მემარჯვენეების  გაერთიანებამ გიორგი მოსიაშვილი წარადგინა. მოსიაშვილი ამჟამად ძველი თელავის ტერიტორიული მართვის ორგანოს რწმუნებულია, რომელიც  გამარჯვების შემთხვევაში, თელაველების პრობლემის მოგვარებას უკვე მერის თანამდებობიდან შეეცდება. თვითმმართველი ქალაქის პოსტის დაკავებას  პოლიტიკურ პროცესებში აქტური მონაწილეობის შედეგად მიღებული გამოცდილებითა და ლიდერული თვისებების მეშვეობით აპირებს. მოსიაშვილი თელაველებს სოციალური სამართლიანობის დამკვიდრებას პირდება:

„სოციალურად დაუცველი ადამიანი არ უნდა იყოს დამოკიდებული კონკრეტულ პიროვნებაზე. სოციალურად დაუცველმა არ უნდა იფიქროს იმაზე, რომ მერს ან გამგებელს აუჩუყებს გულს და ის დამეხმარება. ჩვენს პროგრამაში პუნქტობრივად გაწერილი და შემუშავებული იქნება ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც ადამიანები მიიღებენ სოციალურ დახმარებას. ეს დახმარება იქნება როგორც ერთჯერადი, ისე ყოველთვიური. აღარ იქნება ისე, რომ ჩინოვნიკს ბიუჯეტის  ხარჯით შეეძლოს ათას ლარიანი ტელეფონის ყიდვა, ხოლო მოსახლეს, რომელსაც  აუცილებელი მედიკამენტების  საყიდლად სჭირდება, მაგალითად, 50 ლარი, ეტყვის უარს“. 

არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი თელავის ანტიკრიმინალურ ქალაქად გამოცხადების ინიციატივით გამოდის. ამ ინიციატივის წარმატებულად განხორციელებისათვის მოსიაშვილი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს საპატრიარქოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უწყების, სახალხო დამცველის აპარატის, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებისა და მოსახლეობის აქტიურ ჩართულობას.

„თელავი უნდა იყოს სანიმუშო ქალაქი ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვაქვს ჩვენი ანტიკრიმინალური ქალაქის ჩამოყალიბების ფორმულირება. ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების გატარება, ვიდრე კონფლიქტების დარეგულირება. ჩვენ ახალგაზრდებს უნდა გავუღვიძოთ იმისი სურვილი, რომ არ იყვნენ ქუჩაში.“

არასაპარლამენტო ოპოზიციის მერობის კანდიდატი მხოლოდ საკუთარი ავტომობილის გამოყენების პირობას იძლევა და მერიის ავტომანქანით გადაადგილების მომსახურებაზე უარს ამბობს.

თელავის მერის პოსტზე ბედს სცდის ლეიბორისტული პარტიის კანდიდატი ქეთევან ზაქარიაშვილი. ამ დრომდე დასახელებულ მერობის კანდიდატებს შორის ზაქარიაშვილი ერთადერთი მანდილოსანია. ლეიბორისტების კანდიდატს მიაჩნია, რომ თელაველების პრობლემებს ყველაზე უკეთესად იცნობს, რადგან ქველმოქმედი ადვოკატია და მრავალ გაჭირვებულ ადამიანს უანგაროდ ეხმარება. ზაქარიაშვილის მთავარი წინასაარჩევნო დაპირება მოსახლეობისათვის სოციალური ფონის გაუმჯობესება და ამ მიმართულებით პრობლემების მოგვარებაა. ქეთევან ზაქარიაშვილი სოციალური ფონის გაუმჯობესებისათვის აუცილებელ პირობად ასახელებს ქალაქში სხვადასხვა საწარმოს გახსნას, რომელიც მისი აზრით, სამუშაო ადგილების შექმნას და უმუშევრობის შემცირებას განაპირობებს. თელავის მერობის მანდილოსანი კანდიდატი 200 ლარინ ყოველწლიურ დახმარებასაც ჰპირდება იმ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებიც ვერ მოხვდნენ სახელმწიფოსგან ყოველთვიური შემწეობის პროგრამაში. 

„დღეს ქვეყანაში  და, რა თქმა უნდა, ჩვენს ქალაქში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მოქალაქეთა ეკონომიური სიდუხჭირეა. აქედან უნდა დავიწყოთ ჩვენ ქალაქის განვითარება. თუ ჩვენ გვეყოლება ეკონომიურად წელში გატეხილი მოსახლეობა, გარე ფასადებსა და ინფრასტრუქტურის განვითარებას აზრი დაეკარგება. რა თქმა უნდა ამ მხრიცავ აქტიურად ვიმუშავებთ, მაგრამ მთავარი პრიორიტეტია მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება.“

მერიის ბიუჯეტიდან ყოველთვიური ფულადი დახმარების გამოყოფა მრავალშვილიან ოჯახებისთვის ლეიბორისტების მერობის კანდიდატის პრიორიტეტების ნუსხაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. ქეთევან ზაქარიაშვილი მრავალშვილიან დედებს ყოველწლიუარად 500 ლარიან დახმარების გარანტიასაც აძლევს, თუმცა ფიქრობს, ეს არასაკმარისია.

„როგორც მრავალშვილიან დედას, მაქვს ინიციატივა, რომ ოჯახებს ყოველთვიურად სამი შვილიდან თითოეულ ბავშვზე გამოვუყოფ  50 ლარის ოდენობის დახმარებას. მინდა გითხრათ, რომ დედის დღისთვის მრავალშვილიან დედებს ყოველწლიურად 500 ლარიან დახმარებას გამოვუყოფ. ეს არაფერი არ არის, მაგრამ ამ ფულით ყოფით და არსებობისათვის აუცილებელ პირობებს მაინც მოაგვარებენ ჩვენი მრავალშვილიანი დედები“. 

პროფესიით იურისტი ზაქარიაშვილი მთავარ კონკურენტად ქართული ოცნებისა და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატებს მიიჩნევს. იგი მმართველ პოლიტიკურ ძალასა და ყოფილ სახელისუფლებო პარტიას შორის გარკვეულ გარიგებაზეც საუბრობს. ლეიბორისტების მერობის კანდიდატი 2014 წლის 15 ივნისის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისადმი პესიმისტურად არის განწყობილი, წინასწარ საუბრობს არჩევნების ტოტალურ გაყალბებაზე და საკუთარ წარუმატებლობაშიც დარწმუნებულია.

„თუ სამართლიანად  ჩატარდება არჩევნები, მე აუცილებლად გავხდები თელავის მერი, მაგრამ ეს არ მოხდება! დღეს თელავს მართავს თამაზ თამაზაშვილი კლანური დაჯგუფება, რომელიც არ დაუშვებს რეალური, ჯანსაღი ძალა მოვიდეს ქალაქის სათავეში. ეს არის სამწუხარო რეალობა. მე იმიტომ ვმონაწილეობ ამ არჩევნებში, რომ თელავის მოსახლეობას ვაჩვენო დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე. წინასაწარ ვიცი, რომ დავმარცხდები, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებ ამ რეჟიმის წინააღმდეგ.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ თელავის მერის კანდიდატად კვირის ბოლოს თელავის მკვიდრის ალექსანდრე  ძულიაშვილის კანდიდატურა დასახელდა.

ლექსო ძულიაშვილი აქტიურ პოლიტიკასა და ქალაქის მართვის პროცესში 2010 წლიდან მონაწილეობს.  ძულიაშვილს საჯარო და არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება აქვს. მუშაობდა გერმანიის „ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების„ პროგრამაში „კავკასიის ქალაქთა ქსელის„ კოორდინატორად. იყო თელავის საკრებულოს ორი მოწვევის წევრი.  „საკმაოდ კარგად ვიცნობ ახალგაზრდულ პრობლემებს, რადგან გასულ წლებში სწორედ ამ საკითხებზე ვმუშაობდი. ჩემი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ქალაქის მთავარი საკითხების გადაჭრა იქნება,-“ აღნიშნავს ძულიაშვილი. მერის კანდიდატი მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებსა და საარჩევნო კამპანიას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს.

ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები ამ დრომდე არ არიან ჩამოყალიბებული თუ ვის კანდიდატურას შესთვაზებენ თელაველებს ქალაქის მერის  პოსტზე, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ამ პოსტზე თამაზ არჯევანიძის კანდიდატურას განიხილავენ.

„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ თელავის მერის პოსტზე უახლოეს დღეებში წარადგენს კოალიცია „ქართული ოცნების“  ყოფილი წევრის ზაზა დევიძის კანდიდატურას. დევიძე 2012 წლის აპრილიდან პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“-ს წევრი იყო, პარტიის დამფუძნებელი, თელავის საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი და კოალიცია ,,ქართული ოცნების“ თელავის საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორი. მანამდე თელავის მერობის კანდიდატი კერძო ბიზნესში იყო ჩართული, კერძოდ, შპს  ,,გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ კახეთის მენეჯერად მუშაობდა და პარალელურად, აქტიურ საზოგადოებრივ საქმიანობასაც ეწეოდა.

თელავის საარჩევნო ოლქში მერობის არც ერთი კანდიდატი ჯერ დარეგისტრირებული არ არის. მათ ცესკოში რეგისტრაციის გასავლელად სულ ცოტა დრო რჩებათ.

ავტორი: ნიკოლოზ ესიტაშვილი
გაზეთი „კახეთის ხმა“