ახალი ამბებიგზა ევროპისკენ

კახეთში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება

25 მაისს კახეთში მოხალისეობის რეგიონული ფორუმი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ  ახალგაზრდები, მოხალისეები, პედაგოგები, მეწარმე ქალები, სამოქალაქო და  სათემო ორგანიზაციების, მედიისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლები.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) და მედია ცენტრი კახეთის (MCK) ახეთის რეგიონული ჰაბის ორგანიზებით.

ფორუმის მიზანია კახეთის რეგიონის ახალგაზრდებში მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ასევე, მოსახლეობაში რეგიონული საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცნობადობის გაზრდა, მათი საქმიანობის, განხორციელებული პროექტების შესახებ რეგიონის მოსახლეობის ინფორმირება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართ ნდობის ამაღლება.

ფორუმის ფარგლებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში, მოეწყობა კახეთის რეგიონში მოქმედი სათემო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, ადგილობრივი ქალი მეწარმეების  საქმიანობის გამოფენა/პრეზენტაცია. ორგანიზაციების წარმომადგენლები ისაუბრებენ მათი საქმიანობის შესახებ და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვას შესთავაზებენ.

ფორუმზე, ასევე, მოეწყობა პანელური დისკუსია თემაზე „კახეთის მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოხალისეობრივი საქმიანობა პრაქტიკაში“ და შეხვედრა ახალგაზრდებთან თემაზე „მოხალისეობის გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში” ღონისძიების ბოლოს საუკეთესო მოხალისეები დაჯილდოვდებიან.

მედია ცენტრი კახეთის MCK ორგანიზებით რეგიონში ეს უკვე რიგით მეოთხე მოხალისეობის ფორუმია, რომელიც 2018 წლიდან დღემდე გაიმართა.  მოხალისეობის სამოქალაქო ფორუმი ბოლოს 2022 წელს გაიმართა.

ღონისძიება გაიმართება ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ (2021-2025) ფარგლებში. ევროკავშირის შესახებ: 30 წელზე მეტია ევროკავშირს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს საქართველოსთან და ეხმარება მას ცოდნის და გამოცდილების გაზიარებაში, ექსპერტიზაში, ინოვაციებში და უწევს ფინანსურ დახმარებას. ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობა ეფუძნება საერთო ღირებულებებს, როგორებიცაა მშვიდობა, თავისუფლება, დემოკრატია, ადამიანის უფლებები და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა. შეიტყეთ მეტი ევროკავშირის მხარდაჭერის შესახებ საქართველოში – https://eu4georgia.eu/the-european-union-in-georgia/

პროექტის შესახებ: ფორუმი იმართება პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში, ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP)