ახალი ამბებივიდეორეპორტაჟი

კახეთში რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა

კახეთში, რეგიონული ფორუმი ,,სამოქალაქო საზოგადოება მოხალისეობის განვითარებისათვის” გაიმართა.

ფორუმის ფარგლებში, კახეთის რეგიონში მოქმედი არასამთავრობო/სათემო ორგანიზაციების საქმიანობის გამოფენა გაიმართა. გარდა ამისა, ღონისძიებაზე ასევე მოხდა მოხალისეობრივი ინიციატივების პრეზენტაცია და ჩატარდა პანელური დისკუსიები დაინტერესებული პირებისთვის თემებზე: მოხალისეობა, სამოქალაქო აქტივიზმი და შესაძლებლობები ახალგაზრდებისთვის, მოხალისეობის ახალი შესაძლებლობები – მოხალისეობის ციფრული პლატფორმა Volunteer.ge – პრეზენტაცია,ადგილობრივი სამოქალაქო სექტორი და დონორი ორგანიზაციების როლი.

ღონისძიებას საჯარო სკოლის მოსწავლეები, მოხალისეები, პედაგოგები, არასამთავრობო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან(EDEC) ერთად, არასამთავრობო ორგანიზაცია მედია ცენტრი კახეთი იყო. ორგანიზაციის ხელმძღვანელი, მაია მამულაშვილი აცხადებს, რომ ფორუმი ხელს უწყობს მოხალისეობის კულტურის გაძლიერებას რეგიონებში.

,,პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” 10 რეგიონში ხორციელდება და მას მხარს უჭერს ევროკავშირი.ჩატარებული ფორუმი მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეხებოდა მოხალისეობის კულტურას რეგიონებში და ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების როლს და მნიშვნელობას იმ საქმიანობაში რომელსაც ისინი ახორციელებენ ყოველდღიურად. ისინი ხელს უწყობენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მოხალისეობრივი კულტურის მხარდაჭერას”,- განაცხადა მაია მამულაშვილმა.

განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის(EDEC) აღმასრულებელი დირექტორი, ნათია ნამიჭეიშვილი განმარტავს, რომ მსგავს ფორუმებზე მოხალისეობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს საშუალება აქვთ გაეცნონ საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას და მოხალისეობრივად ჩაერთონ მათთვის საინტერესო პროექტებში.

,,ამ ღონისძიებას თავის მხრივ ის მნიშვნელობა აქვს, რომ ახალგაზრდებს გავუზიაროთ როგორც ქართული, ასევე უცხოური გამოცდილება მოხალისეობის შესახებ. ფორუმზეც სწორედ ადგილზე, კახეთში განხორციელებული საინტერესო ინიციატივების შესახებ გახდა ცნობილი და მოვისმინეთ ისტორიები. ეს ფორუმი ხელს უწყობს იმას, რომ მხარეები, მოხალისეობით დიანტერესებული და მოხალისეების მიმღებები ერთმანეთს დაუკავშირდნენ”.
სხვადასხვა სახის მოხალისეობრივ პროექტებში ჩართული ახალგაზრდა, გიორგი ჩუგოშვილი აცხადებს, რომ მსგავსი სახის ღონისძიებები, სადაც ყველა დაინტერესებული მხარე იქნება წარმოდგენილი, ხშირად უნდა იმართებოდეს. მისი თქმით, ეს ახალგაზრდებს დამატებით შესაძლებლობებს აძლევს.

,,მსგავსი სახის ღონისძიებები ხშირად უნდა იმართებოდეს. ეს საინტერესოა და სახალისო. ახალგაზრდების გარეშე მომავლის და ქვეყნის განვითარება შეუძლებელია”.

რეგიონული ფორუმი გაიმართა ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის მიერ დაფინანსებული პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა” ფარგლებში.

 

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია <კონტრაქტორი> და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.