EECMD- თელავის საკრებულოს წევრს, რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, დემოკრატიის ლიდერის ჯილდო ჩამოერთვა
მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა, თელავის საკრებულოს წევრს, თინათინ ხანჯალიშვილს, რუსული კანონის მხარდაჭერის გამო, დემოკრატიის ლიდერის ჯილდო ჩამოართვა.
ცენტრმა განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.
,,საქართველოს სუვერენიტეტისა და დემოკრატიის დაცვის ფრონტის ხაზი დღეს რუსულ კანონთან წინააღმდეგობაზე გადის და ყველა, ვინც მას ღიად უპირისპირდება, იცავს მთავარ ქართულ ფასეულობებს – ღირსებას, თავისუფლებას, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობას.
როგორც ორგანიზაცია, რომელიც ათ წელიწადზე მეტია, დემოკრატიის სწავლებით, პოლიტიკის დიალოგით, აქტიური მოქალაქეებისა და პოლიტიკური აქტორების ხელშეწყობით დემოკრატიის კულტურის განვითარებას ვემსახურებით, ყოველთვის იქ ვხედავთ ჩვენს თავს და ჩვენი პროგრამებით მოსარგებლეებს, სადაც ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებია დასაცავი.
2015 წლიდან, დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს გავცემთ იმ ადამიანებზე, რომლებიც განსაკუთრებულ სიმამაცეს და ლიდერულ თვისებებს ავლენენ დემოკრატიის ღირებულებების დაცვისა და გამტკიცების საქმეში. 2021 წელს ეს ჯილდო ჩვენი დემოკრატიის სკოლების ორ კურსდამთავრებულს გადავეცით, რომლებიც პოლიტიკური პოლარიზაციისა და პარტიული დაპირისპირებების ფონზე, ორ სხვადასხვა მხარეს წარმოადგენდნენ. ეს გადაწყვეტილება იყო ერთგვარი სიმბოლო კომპრომისის, პოლიტიკური თანაარსებობის მნიშვნელობისა და შესაძლებლობების, ისევე როგორც, წახალისება სამოქალაქო უფლებებისა და თავისუფლებების უფრო აქტიურად დასაცავად.
2021 წელს, დემოკრატიის ერთ-ერთ ლიდერად ჩვენი კურსდამთავრებული, თინათინ ხანჯალიაშვილიც დავასახელეთ, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარეა. სამწუხაროდ, მისი პოზიცია რუსულ კანონთან მიმართებით, ბოლოდროინდელი პოლიტიკური საქმიანობა და განცხადებები პირდაპირ ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, რომელსაც დემოკრატიის ლიდერის ჯილდო განასახიერებს.
როდესაც საჯარო მოხელეს ენიჭება მსგავსი საპატიო წოდება, ეს დამატებით პასუხისმგებლობას გულისხმობს, რადგან მას მეტი შესაძლებლობა აქვს ფართო საზოგადოებრივ და ეროვნულ ინტერესებს ემსახუროს. სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული პირი არ შეიძლება ქვეყნის სამსახურში არ იყოს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონის მხარდაჭერა კი ქვეყნის სამსახური არ არის.
ამავე განცხადებით გვინდა შევახსენოთ და ვკითხოთ თინათინს, იყო თუ არა თავად უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი, როდესაც მისი პოლიტიკური ცოდნა და გამოცდილება სწორედ დასავლური ფონდების დაფინანსებით მოაგროვა, მათ შორის ჩვენს პროექტებში მონაწილეობით, გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელობით პანკისში, USAID -3 პროგრამის ხელმძღვანელობით კახეთში და ასევე, ისეთი საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტობით კახეთის რეგიონში, როგორებიცაა GIZ, CENN და UNDP.
ვაფასებთ თინათინის მიერ წარსულში შეტანილ წვლილს დემოკრატიის განვითარების საქმეში, თუმცა, მიგვაჩნია, რომ აუცილებელია, დავიცვათ დემოკრატიის ლიდერების ღირსება და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ დემოკრატიული ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების მიმართ ტოლერანტულები ვერ და არ ვიქნებით.
ორგანიზაციის წევრებთან და დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებთან განხილვის შემდეგ, გადავწყვიტეთ, თინათინ ხანჯალიაშვილს ჩამოვართვათ დემოკრატიის ლიდერის ჯილდო.
ეს გადაწყვეტილება აუცილებელია იმ პრინციპების დასაცავად, რომლებსაც ეფუძნება დემოკრატიის ლიდერის ჯილდო და რომელთაც მის გარდა ყველა ჩვენი დემოკრატიის ლიდერი იზიარებს”,– წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თინათინ ხანჯალიაშვილს “დემოკრატიის ლიდერის” ჯილდო 2021 წელს გადაეცა. პრიზი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ცენტრმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) 2015 წელს დააწესა, აჯილდოებს ადამიანებს, რომლებმაც განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები გამოავლინეს დემოკრატიის ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში.