ახალი ამბები

მოსახლეობა თელავის ,,ახალ ბაღში“ ხეების მოჭრას აპროტესტებს

თელავის მცხოვრებლები, ,,ახალი ბაღის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იშვიათი ჯიშის მრავალწლოვანი ხეების მოჭრას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელება ხეების მოჭრის გარეშეც იყო შესაძლებელი. სამოქალაქო აქტივისტი, გიორგი ბეჟანიშვილი აცხადებს, რომ რეალურად, მოსაჭრელად მეტი ხე იყო მონიშნული, თუმცა მისი და სხვა სამოქალაქო აქტივისტების და ბუნების დამცველების აქტიურობით 6 ხის გადარჩენა მაინც შეძლეს.

,, ახალ ბაღში“ ხეების აღწერა მოხდა და ექსპერტებმა ნ. ერაძემ და ქ. თავართქილაძემ დასკვნა/რეკომენდაცია რამდენიმე დღის წინ დადეს. შემდეგ მე დავუკავშირდი ბუნების დამცველ კახა სუხიტაშვილს, ერთად დავათვალიერეთ ხეები და ვიფიქრეთ, რომ ყველა ხე, რომელიც მოსაჭრელად იყო მონიშნული, რეალურად არ იყო მოსაჭრელი.

კახას ასევე დაუკავშირდა თელავის მერი ლევან ანდრიაშვილი იგივე თემაზე. რადგან ხეების მოჭრასთან დაკავშირებით საზოგადოების მხრიდან ინტერესი მაღალია, შევხვდით თელავის მუნიციპალიტეტის მერს და მერიის სხვადსხვა სამსახურის თანამშრომლებს, როგორც სამოქალაქო აქტივისტები, ასევე მაგ უბნის მაცხოვრებლები და დეტალურად ვისაუბრეთ მოსაჭრელ ხეებზე. გადაწყდა კიდევ ერთი ექსპერტიზა და დათვალიერება ჩატარებულიყო. შეხვედრაზე იყო ასევე კომპანია დაგის წარმომადგენელი, რომელიც უშუალოდ ახორციელებს ამ სკვერის რეაბილიტაციას.

დავუკავშრდით ასევე არასამთავრებო ორგანიზაცია CENN -ს და მათ გამოგვიგზავნეს ექსპერტი. შემდეგ შეხვედრაზე დეტალურად განვიხილეთ მთელი სკვერი და 49 ერთეული ხის საკითხი. აღმოჩნდა, რომ მოსაჭრელად გამზადებული 21 ხიდან, 6 ხეს აქვს სიცოცხლისუნარიანობა და მინიმუმ 10-15 წელი კიდევ შეუძლიათ იცოცხლონ.

ექსპერტმა მერიის წარმომადგენლებს მისცა ასევე რჩევები ხეების მოვლისა და გასხვლის შესახებ. ისე დავასრულეთ შეხვედრა, რომ ყველა მხარე დარწმუნდა და კითხვის ნიშნებიც მოიხსნა. სწორედ სამოქალაქო ჩართულობამ გადაარჩინა 6 ხე და ეს არის აქტივიზმის და სამოქალაქო მონიტორინგის ძალა’’,- აცხადებს გიორგი ბეჟანიშვილი.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, კომპანიამ, რომელიც ხეების მოჭრას ახორციელებდა, დააზიანა უთხოვარის სახეობის ხე, რომელიც თელავის ცენტრალური მოედნის ერთ-ერთი მშვენება იყო. გიორგი საკუთარ სოციალურ ქსელში წერს, რომ ამ საკითხზე მოქალაქეები მერიისგან პასუხს ითხოვენ. ისინი კომპანიას უყურადღებობაში ადანაშაულებენ.

აღიშნულ საკითხზე საუბრობს ადგილობრივი მაცხოვრებელი, ლეიბორისტული პარტიის წარმომადგენელი კახეთის რეგიონში, ნიკოლოზ ვარდოშვილი. მან ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც ჩანს დაზიანებული ხე, რომელიც სიცოცხლისუნარიანი იყო.

,,ახალ ბაღში, მრავალსაუკუნოვანი უთხოვარის ხე დააზიანეს. ეს არის უნიკალური ჯიში. აქ ჭრიდნენ ხეებს და ისე ვერ მოახერხეს ამ ბაღის რეაბილიტაცია, რომ ამ ხისთვის ტოტები არ დაემტვრიათ და არ დაემახინჯებინათ მისი სილამაზე. ასეთი ხის გაზრდას ბევრი წელი სჭირდება. ხეს ერთ მხარეს დალეწილი აქვს ტოტები. ალბათ გვერდით რომ მოჭრეს ხე, ზედ დაეცა ამ უნიკალურ ხეს და ასე დაზიანდა’’,- აცხადებს ნიკოლოზ ვარდოშვილი.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ „ახალი ბაღის“ რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა სამუშაოების მწარმოებელმა კომპანია „დაგიმ“.

განცხადებას თან ერთვოდა ტერიტორიაზე არსებული ხეების შეფასების საექსპერტო დასკვნა, რომელიც შედგენილია სკვერის ტერიტორიაზე მცენარეთა ვიზუალური დათვალიერებით, ფაქტობრივი მასალების მიკროსკოპული ანალიზითა და იდენტიფიკაციით, ხარისხობრივი შეფასებით.

უწყებაში განმარტავენ, რომ დასკვნა დეტალურად აღწერს მწვანე ნარგავების მდგომარეობას.

,,დოკუმენტის მიხედვით, 49 ხიდან 21 შეფასებული იყო როგორც ხმობადი, დაავადებული და საფრთხის შემცველი. დამატებით, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამის სამსახურთან ერთად, ადგილზე მოკვლევა ჩაატარეს CENN-ის წარმომადგენლებმა – კახაბერ სუხიტაშვილმა და დავით სამხარაძემ. განხილვის პროცესში ჩართულები იყვნენ დაინტერესებული მოქალაქეებიც. საერთო გადაწყვეტილებით, 21 ხიდან 4 ნარგავისათვის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება რამდენიმე წლით კიდევ შესაძლებელი იყო, ამიტომ ხეების მოჭრის ნებართვა თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისმა კომისიამ 19 ერთეულზე გასცა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ 19 ნარგავი, რომელზეც მოჭრის ნებართვაა გაცემული, იყო დაავადებული, ხმობადი და საფრთხის შემცველი.

ერთ-ერთი ხის მოჭრის დროს, მოჭრილი ტოტი დაეცა ჯანსაღი ხის ნაწილს, რამაც „უთხოვარის“ ჯიშის ნარგავი დააზიანა. აღნიშნული ფაქტი არ იყო მიზანმიმართული ქმედება. საბედნიეროდ, დაზიანებული ხე სიცოცხლისუნარიანია და კრიტიკულად დაზიანებული არ არის. მისი გაჯანსაღებისათვის მუნიციპალიტეტის მერია, კომპანია „დაგთან“ ერთად, შესაბამის ღონისძიებებს გაატარებს’’,- აცხადებენ თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში.