სამგზავრო გადაყვანების ახალი კანონი, რომელიც ძალაში 1-ელი მარტიდან შევიდა, არ მუშაობს – მიზეზები
მთავრობის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ავტოსადგურის სერტიფიცირებას და მგზავრთა გადაყვანის სფეროში ახალი სახის ნებართვების შემოღებას ითვალისწინებს და ოფიციალურად 1-ელ მარტს შევიდა ძალაში, არ მოქმედებს.
დიდუბის ავტოსადგურის დამფუძნებლის, ნესტორ მიქატაძის თქმით, კანონის უმოქმედობის მიზეზი, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების არ არსებობაა, რაზეც უწყებები ახლა მუშაობენ.
“მართალია კანონი ძალაში შევიდა, მაგრამ ამ კანონს უნდა მოჰყვეს კანონქვემდებარე აქტი, რაც გულისხმობს, ავტოსადგურის მოწყობისა და ფუნქციონირების წესის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის მიღებასა და დამტკიცებას და ასევე, მგზავრის გადაყვანისა და ბარგის გადატვირთვის შესახებ რეგლამენტის მიღებასა და დამტკიცებას. ამ ორი რეგლამენტის გარეშე არ მოხდება არც კანონის ამოქმედება და შესაბამისად, არც იმ საკითხების დადებითად გადაწყვეტა, რის დასარეგულირებლადაც კანონი შემოვიდა.
კანონი მიღებულია, მაგრამ ახლა ეს ორი რეგლამენტი უნდა მიიღონ, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს საქმიანობას. როგორც ვიცით, დამუშავების ეტაპზეა. ეს რეგლამენტი მისცემს ავტოსადგურებს ვადას სერთიფიცირებისთვის, ხოლო მგზავრთგადამყვანებს ნებართვების ასამოქმედებლად.
დაახლოებით ვიცით, რომ ავტოსადგურებს მიეცემათ სერტიფიცირებისთვის ვადა 2025 წლის 1 იანვრამდე, ხოლო მგზავრთგადამყვანებს, 2024 წლის სექტემბრამდე. ასეთია, სიტყვიერი ინფორმაცია რასაც ოფიციალური უწყებები გვაწვდიან”, – განაცხადა მიქატაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაწესებულია გარდამავალი პერიოდი და ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნები ეტაპობრივად შევა ძალაში.
“საქართველოს მთავრობა განიხილავს და გამოსცემს კანონქვემდებარე აქტის პროექტს, რომლის თანახმადაც ფიზიკური და იურიდიული პირები ქვეყნის შიდა სამგზავრო გადაყვანების განხორციელების ნებართვის მისაღებად შეძლებენ განსაზღვრულ უწყებას პროექტით განსაზღვრულ ვადებში მიმართონ. აღსანიშნავია, რომ დაწესებულია გარდამავალი პერიოდი და ნებართვის მოსაპოვებლად დაწესებული მოთხოვნები ეტაპობრივად შევა ძალაში. შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, არავინ დაჯარიმებულა”, – წერს სამინისტრო.
რაც შეეხება თავად კანონს, კანონის მიხედვით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონს ავტოსადგურთან დაკავშირებული სპეციალური მუხლები დაემატა, რომლებიც ავტოსადგურის კლასებსა და მათ სერტიფიცირებას განსაზღვრავენ.