ახალი ამბები

რატომ არის სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოხმარების დაბალი მაჩვენებელი კახეთში

გაზაფხულის მოსვლასთან და სეტყვის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით, აქტუალური გახდა სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების თემა. ბევრი ფერმერისთვის ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი და პრობლემატური საკითხია.
სტიქიამ, გასულ წელსაც, კახეთის რეგიონს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა. შედეგად კი, სტიქიისგან განადგურებული ვენახები, ბაღები და მოსავლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა იყო.
დარგის სპეციალისტები სტიქიური მოვლენების დროს სეტყვისგან დამცავი ბადეების აუცილებლობაზე საუბრობენ. „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მოადგილის, რატი კოჭლამაზაშვილის თქმით, უნდა გაუმჯობესდეს აგროდაზღვევის პირობები და წახალისდეს ბადეების შეძენა.
,,დანერგე მომავალში არის კომპონენტი, რომელიც ახალისებს ბადეების შეძენას, მაგრამ ეს არის 10%-იანი თანადაფინანსება, რაც საკმარისი არ არის, ვინაიდან ბადეები საკმაოდ ძვირი ღირს. 1 ჰა-ზე 10 ათასი ლარი ღირს მხოლოდ ბადე, მერე მისი მოწყობისთვის სხვა საშუალებებია საჭირო, ინფრასტრუქტურა, ასევე ყოველწლიურად მოხსნა-აწყობა, რაც საკმაოდ ძვირი გამოდის. ბადეების მოწყობის კუთხით ფერმერების მხრიდან მზაობა არის, როგორც სურვილის, ისე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა 10%-იანი თანადაფინანსება ამის საშუალებას არ იძლევა“.
სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების მოხმარების მაჩვენებელი კახეთში დაბალია, რისი ძირითადი მიზეზი მისი მაღალი ფასია. დათო ზარდიაშვილი ამბობს, რომ ვენახის ან ნაკვეთისთვის სეტყვის საწინააღმდეგო ბადის გაკეთება ძვირი ჯდება.
,,მარტო ბადის თანხაზე არ არის საუბარი. აუცილებელია ბეტონის ბოძების, მავთულებისა და ბევრი წვრილმანის შეძენა. სისტემის სრული დამონტაჟება ძალიან ძვირია. ჩვენ, მევენახეებს უფრო მეტი ხელშეწყობა უნდა გვქონდეს თუნდაც დაფინასნების კუთხით რომ ამ მომსახურებით ვისარგებლოთ. გადავარჩინოთ მოსავალი და გვქონდეს კონკურენტუნარიანი პროდუქცია”.
მევენახეების განცხადებით, 1 ჰექტარზე გაშენებული ხეხილის ბაღზე ბადე სრული მონტაჟი 60 000 ლარამდე ჯდება, ხოლო ვენახში ბადეს მონტაჟი 15 000 ლარამდე ღირს.
,,ჩვეულებრივი რიგითი გლეხი ვერ შეწვდება ამხელა თანხებს. მესმის, რომ აუცილებელია და საჭიროა. ვიცი მჭირდება, რადგან მაქვს ხეხლილის ბაღიც და ვენახიც. წარმოუდგენლად დიდი თანხები ჯდება ეს მომსახურება. სხვა საკითხია ისიც რომ მხოლოდ 1 კომპანია აწარმოებს ბადეებს. ვერასდროს ვიღებ იმ მოსავალს რა შრომასაც ვდებ. ცალკე საკითხია თანხები რაც ვენახისა და ხეხილის ბაღის მოვლაში მეხარჯება”.
ქართულ ბაზარზე სეტყვისა და მზისგან დამცავი ბადეები გასულ წელს გამოჩნდა. კომპანიის დამფუძნებელი ავთანდილ მაისურაძე ყურადღებას დამცავი ბადის აუცილებლობაზე ამახვილებს. ამბობს რომ მევენახეები დამცავ ბადეებს არ იყენებენ რაც პრობლემებს ქმნის.
,,დღიურად საშუალოდ 10 ათას კვადრატულ მეტრ ბადეს ვაწარმოებთ, მაგრამ რომ იყოს მოთხოვნა, მეტის წარმოებაც შეგვიძლია. დამცავი ბადე აუცილებელია რადგან მარტო სეტყვისგან კი არა, ჩიტებისგან, მწერებისგან, ყინვისგან, ქარისგან და მზისგანაც იცავს”.