ახალი ამბები

როდის დასრულდება გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტი

რამდენიმე თვეა კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. მიმდინარე პროექტის ფარგლებში გარკვეულ მონაკვეთებზე გადათხრილია გზა, რის გამოც გადაადგილება ჭირს. ადგილობრივების და სამარშრუტო ტაქსების მძღოლების თქმით, პრობლემაა მძღოლებისთვის გამაფრთხილებელი ნიშნების არარსებობა.

ადგილობრივების განმარტებით, სწორედ აღნიშნული პრობლემის გამო, განსაკუთრებით ღამით, გადაადგილება ჭირს და საშიშია.

,,ღამე ვმგზავრობდით ტაქსით თბილისიდან თელავამდე, გომბორის გზის გავლით და იმდენად ცუდი გზაა, რომ მეშინოდა ავარია არ მოგვსვლოდა. გზა გადათხრილია, ზოგან მიწაა ჩამოჭრილი და არც ნიშნები აყენია შესაბამისი, რომ იფრთხილოს მძღოლმა. ჩემი აზრით, საშიშია ღამით ამ გზაზე გადაადგილება. ვინმე შესაძლოა ცოტა ჩქარა მიდიოდეს და სწორედ ამ საჭირო მანიშნებლების არქონის გამო სადმე გადავარდეს’’,- განუცხადეს Knews.ge-ს ადგილობრივებმა.

პროექტის დროულად დასრულების აუცილებლობასა და გზებზე მანიშნებლების დაყენებას ითხოვენ მძღოლებიც. მათი თქმით, ხშირი გადაადგილების დროს მანქანები ზიანდება.

,,ვტაქსაობ, გადამყავს თბილისის მიმართულებით მოქალაქეები და დღეში რამდენჯერმე მიწევს გომბორის გზის გავლა. გარდა იმისა, რომ გადათხრილია, მტვერია და მანქანა ზიანდება, არ არის გზებზე მანიშნებლები სად არის მეტად დაზიანებული გზა და სად არის რთულად გასავლელი მონაკვეთი. კარგი იქნება ამას მიეხედოს სანამ დასრულდება პროექტი. ღამე, წვიმის ან ცუდი ამინდის დროს, ხილვადობა არ არის და თუ სპეციალურმა საგზაო ნიშანმა არ შეახსენა მძღოლს, რომ წინ რთულად გასავლელი გზაა, საშიშია. თან გომბორის გზა ზოგადად რთულია მდებარეობიდან გამომდინარე’’,- განაცხადა Knews.ge-სთან საუბრისას ლევან კიკალაშვილმა.

როგორც knews.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, პროექტის განხორციელებისას, საგზაო მანიშნებლების გარკვეული რაოდენობა იყო დამონტაჟებული, თუმცა ბოლო პერიოდში მისი რაოდენობა გაორმაგდა.

,,პროექტის განხორციელება რომ დაიწყო და გზაზე ასფალტის საფარი მოიხსნა, თავიდანვე გაკეთდა მანიშნებლები მძღოლებისთვის. თუმცა მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, მისი რაოდენობა გაიზარდა და ეს პრობლემას აღარ წარმოადგენს’’,– განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე თქმით, გომბორის გზის რეაბილიტაციის პროექტის დასრულება 2024 წლის შემოდგომაზე იგეგმება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 66 700 000 ლარით ფინანსდება.

,,გზის დაზიანებული, დამეწყრილი და დეფორმირებული ადგილები მოძრაობის უსაფრთხოებასა და კომფორტულ გადაადგილებას ვეღარ უზრუნველყოფდა, რის გამოც დაიგეგმა გზის რეაბილიტაციის პროექტი. მიმდინარეობს როგორც მეწყრული მონაკვეთების პრევენციის ღონისძიებები, ისე რეაბილიტაცია და საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესება”.

დეპარტამენტისვე ინფორმაციით, მოხდება გზის სავალი ნაწილის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, 6 ხიდის რეაბილიტაცია, ახალი წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის ქვედა და ზედა საყრდენი კედლის მოწყობა. გატარდება მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებები, შეკეთდება ტროტუარი, მიერთებები და ადგილობრივი შესასვლელები, მოეწყობა მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, ავტობუსის გასაჩერებელი მოედანი და ავტო პავილიონი, ჩატარდება საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია გომბორის გზაზე არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებას წლებია ითხოვდა. დავით მესხიშვილი განმარტავს რომ ცხელ მონაკვეთებზე სიტუაციის განსამუხტად საჭიროა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა.

,,რეაბილიტაციამდე, უსაფრთხოების არანაირი ზომა არ იყო მიღებული მეწყერსაშიშ ადგილებზე და ასევე მთლიან გზაზე, არ არის შესაბამისი საგზაო ნიშნები განთავსებული. გაუქმებული და განადგურებულია საფეხმავლო ბილიკები, რის გამოც მოსახლეობა გადაადგილდება საავტომობილო გზის უკიდურესად საფრთხის შემცველ მონაკვეთებზე. საგზაო მონიშვნები აღარ აღიქმება რადგან მოძველებულია. იქ სადაც საგზაო მონიშვნა ჯერ კიდევ იკითხება, წყვეტილი ხაზით დახაზულია გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც წესით გასწრება კატეგორიულად აკრძალული უნდა იყოს. გზა დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებას, სარემონტო და სარეკონსტრუქციო სამუშაოებს’’, – განმარტავს დავით მესხიშვილი.

default
default
default
default
default