სად გაასეირნებთ ძაღლს ალიკაპის გარეშე
ცხოველების მოყვარული და დამცველი ადამიანების ნაწილი წლებია, შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონის მიღებას ითხოვენ. კანონპროექტის განხილვა, რომლის პრეზენტაციაც უკვე გაიმართა, პარლამენტში უახლოეს მომავალში დაიწყება. შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებებს, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს. დოკუმენტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერაა მომზადებული.
ცხოველების სხვა გულშემატკივრებთან ერთად, თელავში მცხოვრები თამარ ფარესიშვილი ინტერესით ელის პარლამენტის კანონს. ამბობს რომ კანონის ამოქმედება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ, ბევრ სიახლეს დანერგავს. იგი, კანონპროექტის ერთ-ერთ საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. ამბობს, რომ მოქალაქეებისთვის უსაფრთხო გადაადგილებისთვის აუცილებელია ძაღალის ქუჩაში ალიკაპით გაყვანა.
,,მნიშვნელოვანია კანონის მიღება იმ თვალსაზრისით რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას შინაურ ცხოველთა პრობლემა. იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანები სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, სხვა საჯარო სივრცეებით და გადაადგილდებიან ძაღლებთან ერთად, რომელსაც არ უკეთია ალიკაპი, ეს სხვა მოქალაქეებისთვის არ არის უსაფრთხო. ვფიქრობ, ჯარიმაც შეცვლის სიტუაციას. მოგვარდება ისიც, რომ მოსახლეობის ნაწილი აღარ გაუშვებს ძაღლს ან კატას გარეთ. კანონი სხვა ბევრ საკითხსაც მოაგვარებს“.
კანონპროექტის მიხედვით, ძაღლის გასეირნება ღია სივრცეში, ბულვარში, პარკში ან სკვერში (გარდა სპეციალურად გამოყოფილი ადგილებისა) შესაძლებელი იქნება მხოლოდ ალიკაპით ან საბელით. გარდა ამისა, კანონი ყოველგვარი დათქმების გარეშე კრძალავს ცხოველის შეყვანას: საბავშვო ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში; სასურსათო მაღაზიებში; აფთიაქებში; საავადმყოფოებში; საბავშვო და სპორტულ მოედნებზე. მეტროთი ან სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით ძაღლის გადაყვანა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მას ეკეთება ალიკაპი და საბელი, კატა უნდა იყოს სპეციალურ გადამყვანში.
,,დოკუმენტში გამოყვეს ძაღლის 30 ჯიში, რომელიც მიჩნეულია მომეტებული საფრთხის შემცველად. ამ ჩამონათვალში მოხვდა ისეთი ჯიშები, როგორიცაა: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი, კანე კორსო, დობერმანი და სხვა. მისასალმებელია, რადგან ალიკაპის გარეშე ქუჩაში ყველა ჯიშის ძაღლის გაყვანა უსაფრთხო არ არის. მომწონს რომ აღნიშნული კანონპროექტის ამოქმედების შემთხვევაში პასუხისმგებლობა ეკისრებათ როგორც შინაური ცხოველების პატრონებს, ისე მიმკედლებლებს. დროა, მივეჩვიოთ წესრიგს. ვისაც შინაური ცხოველი ეყოლება, უნდა დაიცვას კიდეც წესები. გარდა ამისა, ქუჩაში უფრო ნაკლები ძაღლი და კატა დარჩება. მე მყავს ძაღლიც და კატაც, რომლებიც ქუჩიდან ავიყვანე და შეძლებისდაგვარად ვიცავ კიდეც წესებს. არ შეიძლება შენი სიამოვნების გამო სხვა ამყოფო შიშსა და დისკომფორტში. ყველას ვერ მოვთხოვთ შინაური ცხოველების სიყვარულს“, – აცხადებს ნინო ზარდიაშვილი.
საზოგადოების ნაწილს არ მოსწონს ძაღლის გარეთ გაყვანა ალიკაპით. მიაჩნიათ, რომ ისინი საშიშები არ არიან.
,,სახლის ძაღლი რატომ უნდა ვატარო ალიკაპით ქუჩაში? სახლში მყოფი ძაღლი ადამიანებთან მიჩვეულია. არც ჯარიმებს ვეთანხმები, რადგან ისედაც ვიცავთ წესებს და არ ვატარებთ ცხოველებს სკოლებსა და საავადმყოფოებში“, – ამბობს ლამარა გორხელაშვილი.
იხილეთ შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი დეტალურად