ახალი ამბები

შინაური ცხოველები – კანონპროექტი დეტალებში

შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონპროექტი გულისხმობს ცვლილებებს, რომელიც შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობაზე ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობებს და ვალდებულებებს განსაზღვრავს.

ის უკვე განიხილება საქართველოს პარლამენტში და პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2024 წლის 22 მარტია მითითებული. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, ცვლილებები შევა 2025 წლის 2 იანვრიდან, ხოლო სანქციები 2025 წლის 1-ელი ივლისიდან ამოქმედდება.
კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტია, ხოლო ცვლილებები შეიმუშავა პარლამენტის 24-მა წევრმა.

კანოპროექტის ავტორები განმარტებით ბარათში მიუთითებენ, რომ “ქვეყნის მასშტაბით ყოველდღიურად მონიტორინგს განახორციელებს 79 ეკიპაჟი, რომელთა შემადგენლობაშიც იქნება მინიმუმ ორი თანამშრომელი — მძღოლ-დამჭერი და სპეციალისტ-დამჭერი.”

ასევე, კანონპროექტის განმარტებით, ეკიპაჟის მიერ დღეში საშუალოდ ორი 100-ლარიანი ჯარიმის დაწერა მოხდება, “წელიწადში, ჯამურად, მოსალოდნელია, დაახლოებით 5,767,000.00 ლარის საჯარიმო შემოსავლის გენერირება”, — ვკითხულობთ დოკუმენტში.
ცვლილებების დარღვევების შემთხვევაში, კანონპროექტი ითვალისწინებს ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრების, დროებითი მოთავსების ობიექტის, საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის დაჯარიმებას.
“ქვეყნის მასშტაბით წელიწადში ასი ერთეული 500-ლარიანი ჯარიმის დაწერა მოხდება, რაც დაახლოებით 50,000 ლარის საჯარიმო შემოსავალია სახელმწიფო ბიუჯეტში”, — წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ასევე მკაცრდება არსებული სისხლის სამართლის სანქცია შემდეგი დანაშაულის ჩადენაზე:
ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 18 თვიდან — 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 18 თვიდან — 2 წლამდე.
ცხოველის წამება, სასტიკი მოპყრობა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც მისი დაღუპვა გამოიწვია, ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით 2-დან 3-წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 4-წლამდე.

საცხოვრებელ კორპუსის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა მხოლოდ ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები, სხვა შემთხვევაში, მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.
აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება.
საზოგადოებრივ დაწესებულებებში — სკოლა, უნივერსიტეტი, მაღაზიები, აფთიაქები, საავადმყოფოები, საბავშვო და სპორტულ მოედნები, ძაღლისა და კატის შეყვანა იკრძალება.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით შინაური ცხოველის საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის გარეშე გადაყვანის შემთხვევაში, მეპატრონე 150 ლარით დაჯარიმდება, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში კი — 300 ლარით.
ფიზიკური პირი, რომელიც შინაურ ცხოველს მიატოვებს, დაჯარიმდება 3000 ლარით, იურიდიული პირი — 5000 ლარით.
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევისას, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 1500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის — 2000 ლარით.
ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა), ან არარეგისტრირებული, ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.
საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევისას ფიზიკური პირის დაჯარიმდება 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირი — 10 000 ლარით.

თუ მოქალაქე ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულებას დაარღვევს, დაჯარიმდება 100 ლარით.
შინაური ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისას პირი დაჯარიმდება 100 ლარით.
მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისას პირი დაჯარიმდება 200 ლარით.
მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, პირი დაჯარიმდება 100 ლარით.
ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისას მეპატრონე 300 ლარით დაჯარიმდება.
მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა, მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას, გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარით.
მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რის შედეგადაც სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობა მსუბუქად დაზიანდა, მეპატრონე დაჯარიმდება 500 ლარით.
ასევე,

18 თვემდე, 8 წლის ან ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლების გამო ფიზიკური პირი დაჯარიმდება 200 ლარით, იურიდიული პირი — 500 ლარით.
ფიზიკური პირი, რომელი შინაური ბინადარი ცხოველს გაამრავლებს მისი ჯანმრთელობის, ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე, დაჯარიმდება 500 ლარით, იურიდიული პირი — 100 ლარით.
შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას — 2000 ლარით.

ამჟამად მომეტებული რისკის მქონე ძაღლის 30 ჯიშია განსაზღვრული: ამერიკული პიტ ბულ ტერიერი ტოსა ინუ; ფილა ბრაზილეირო; ბულტერიერი; ამერიკული სტაფორდშირის ტერიერი; არგენტინული დოგი; ტოსა ინუ; ამერიკული ბულდოგი; კანგალი; კანე კორსო; დობერმანი; კავკასიური ნაგაზი; შუააზიური ნაგაზი; აღმოსავლეთ ევროპული ნაგაზი; ბერძნული ნაგაზი; კრაშის ნაგაზი; გერმანული ნაგაზი; რუმინული ნაგაზი; მასტიფები; ბორდოული დოგი; კანარის დოგი; როტვეილერი; რიზენშნაუცერი; ლეონბერგერი; მარემა; მოსკოვური საყარაულო; კა-დე-ბო (მალიორკის მასტიფი); სტაფორდშირ ბულ ტერიერი; ბანდოგი; გულდონგი; მგლის ჰიბრიდები.