ამბულატორიული დაწესებულებებისთვის დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა
ამბულატორიული დაწესებულებებისთვის დღეიდან ახალი რეგულაციები ამოქმედდა.
რეგულაციის მიხედვით, დაწესებულებას უნდა გააჩნდეს პაციენტების წინასწარი ჩაწერის და რიგების მართვის სისტემა ელექტრონულად (ონლაინ) ან ტელეფონით.
ეს უნდა დასტურდებოდეს დაწესებულების დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანებით და ადგილზე ციფრული/საკომუნიკაციო მოწყობილობის შემოწმებით.
აღნიშნულს ითვალისწინებს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლითაც პირველადი ჯანმრთელობის დაცვის დაწესებულებების მინიმალურ მოთხოვნებში ცვლილებები შევიდა. ეს სტანდარტები ვრცელდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული დაწესებულებებისთვის.
ახალი სტანდარტების თანახმად, დაწესებულებას უნდა გააჩნდეს რეგისტრირებული პაციენტების, მათ შორის, ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტების ელექტრონული რეესტრი. მას ასევე უნდა ჰქონდეს გამართული ელექტრონული საინფორმაციო სისტემა.
პირველადი ჯანდაცვის გუნდის სამედიცინო პერსონალი უწყვეტი პროფესიული განვითარების ფარგლებში უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: ექიმებისთვის (სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში საოჯახო მედიცინის კომპეტენციებით გათვალისწინებული მიმართულებებით და 2025 წლის 1 იანვრისთვის (და შემდეგ ყოველწლიურად) მოიპოვოს 30 უპგ ქულა.
ექთნებისთვის – უნდა მონაწილეობდეს უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამებში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად (2025 წლის 1 იანვრიდან);პირველადი ჯანდაცვის გუნდის ექიმებსა (სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“, „პედიატრია“, „შინაგანი მედიცინა“) და ექთნებს უნდა ჰქონდეთ გავლილი ფილტვ-გულის რეანიმაციის კურსი 3 წელიწადში ერთხელ (შეფასდეს 2025 წლის 1 იანვრიდან).
ერთ-ერთი მოთხოვნაა ისიც, რომ დაწესებულება რეგულარულად უნდა ატარებდეს პაციენტის კმაყოფილების კვლევას. დაწესებულება უნდა უზრუნველყოფდეს ტელეკონსულტაციას, შესაბამის შემთხვევებში, იმ სოფლის ამბულატორიებისთვის, სადაც დანერგილია ტელემედიცინის სერვისი.