ახალი ამბები

10 ისტორიული ძეგლი ახმეტაში

კახეთის რეგიონში, ახმეტის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული ძეგლია, რომლის სანახავადაც მისვლა თავისუფლად შეგიძლიათ, ყოველგვარი საგზაო დაბრკოლების გარეშე. ამ ბლოგში იხილავთ ახმეტის მუნიციპალიტეტის 10 ისტორიულ ძეგლს და მცირე ისტორიულ ცნობებს მათ შესახებ.

კვეტერა

კვეტერას ციხე-ქალაქი კახეთის სამთავროს ერთ-ერთი ცენტრი იყო. მის დაწინაურებას დიდად შეუწყო ხელი ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ.
ის წყაროებში პირველად XI საუკუნიდან იხსენიება, თუმცა ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ჯერ კიდევ VIII საუკუნეში უნდა არსებულიყო. აღნიშნული მოსაზრება ჩატარებული არქეოლოგიური კვლევა-ძიებითაც დასტურდება.
ციხე-ქალაქის კომპლექსის შემადგენლობაში შედის: შიდა ციხე, ქვედა ციხე, გალავანი, სასახლე, დარბაზული ეკლესია და მთავარი ღირსშესანიშნაობა_ გუმბათოვანი ეკლესია.
კახთა მეფე კვირიკე III-მ (1010-1037 წწ.) კახეთ-ჰერეთის ტერიტორია შვიდ საერისთავოდ დაყო. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო კვეტერის საერისთავო.
გათხრებმა გამოავლინა დარბაზული ეკლესიის ნაშთი, ასევე, დიდი რაოდენობით აღმოაჩინეს შუა საუკუნეების ჭურჭელი და სხვა ნივთები, რომლებიც დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში ინახება. 2007 წლის 24 ოქტომბრიდან კვეტერას ციხე-ქალაქი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაში.

არგოხის ყველაწმინდის ეკლესია

არგოხის ყველაწმინდის ეკლესია მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ არგოხში, დგას სოფლის სამხრეთით 200 მეტრზე, მთაზე.

განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს.
დარბაზული ეკლესია (მინაშენიანად 5,7 X 5,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით.

 

 

ალავერდი

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, ალაზნის ველზე სოფელ ალავერდთან, თელავიდან 20 კმ-ზე.

ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში. მისი სიმაღლე გუმბათიანად – 50 მეტრს აღემატება.

ალავერდი შუა საუკუნეების საქართველოს ერთი ყველაზე სახელგანთქმული სალოცავთაგანი იყო, ხოლო ალავერდობას (სექტემბერ-ოქტომბერში) დიდად, პოპულარული იყო საეკლესიო და სახალხო დღესასწაული, რომელშიც მონაწილეობდნენ არა მარტო ქართველები (გარე-კახეთიდან, ქიზიყიდან, ერწო-თიანეთიდან, ფშავ-ხევსურეთიდან), არამედ, ქისტები და დაღესტნელებიც. იმართებოდა ბაზრობაც.

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მატნის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – XVI საუკუნის ეკლესია კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში.

ეკლესია გუმბათოვანია, ნაშენია რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. გუმბათის ყელი და მისი პირამიდული გადახურვა აგურისაა. ეკლესიას სამი შესასვლელი აქვს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე კარი შესაბამისი მკლავის ღერძზეა გაჭრილი.

ეკლესიის ფასადები რიყის ქვითა და ნატეხი ქვითაა ნაწყობი. კედლის ქვედა ნაწილებში და კუთხეებში გაცილებით დიდი ზომის ქვებია გამოყენებული.

ქაჩალაურის ციხე

ქაჩალაურის ციხე, წარმოადგენს არქიტექტურულ კომპლექსს, რომელიც მდებარეობს, სოფელ ხევისჭალის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 400 მეტრის მანძილზე, ტყიან ბორცვზე. კომპლექსში შედის ეკლესია, რამდენიმე ნაგებობა და კოშკიანი გალავანი.

 

არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია

არგოხის მთავარანგელოზის ეკლესია მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფელ არგოხის ჩრდილოეთით, სასაფლაოზე.

XVI-XVII საუკუნეებში ეკლესია მოუხატავთ. მოხატულობა ხალხურ ძეგლთა ჯგუფს განეკუთვნება. მხატვრობის შემორჩენილი ფრაგმენტები დაზიანებულია. საკურთხეველში მხატვრობა სამ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქში ვედრების კომპოზიციაა. მეორე რეგისტრში მოციქულებია გამოსახული.

მესამეში – ეკლესიის მამები – ტრაპეზის სამხრეთით სამი (ერთ-ერთი დიაკვანია), ხოლო ჩრდილოეთით – ერთი. ტრაპეზის თავზე განირჩევა მაცხოვრის თავის კონტური და ძვირფასი ქვებით შემკული შარავანდი.

საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე შავი, ნაცრისფერი, მოწითალო-ყავისფერი და ყვითელი ტალღისებრი ხაზებია.


საჩინის გუმბათიანი ტაძარი
საჩინის მონასტერი კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში მდებარეობს. იგი XIV საუკუნით თარიღდება. ეკლესია ჩახაზული ჯვრის ტიპის გუმბათოვანი ნაგებობაა, რომელიც გეგმაში კვადრატულია.

ტაძარი დაზიანებულია: გუმბათიდან შემორჩენილია ერთი სარკმელი და ორი მომიჯნავე სარკმლის თითო წირთხლი., შესასვლელი სამია – სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან. საკურთხეველი ერთი საფეხურითაა შემაღლებული და გამოყოფილი ყოფილა შირიმის კანკელით, რომლისგანაც ფრაგმენტებია შემორჩენილი.

აღნიშნული ტაძარი საჩინოთაც იწოდება., ის მონღოლებისგან გათავისუფლების შემდგომ აგებული ერთ-ერთი პირველი ტაძარია, თან ისეთ მხარეში სადაც მონღოლთა ბატონობა ძლიერი იყო.


ახმეტის ლომისის წმ. გიორგის ეკლესია

ახმეტის ლომისის წმინდა გიორგის ეკლესია მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ ახმეტის სამხრეთით 2,5 კილომეტრზე, ტყეში.

ეკლესია ერთიმეორეზე გვერდიგვერდ მიდგმული სამი დარბაზული ეკლესიისგან შედგება.
შუა ეკლესია, რომელიც გვერდით ეკლესიებზე რამდენადმე მაღალია, X-XI საუკუნეებს განეკუთვნება.

სამხრეთისა და ჩრდილოეთის ეკლესიები მოგვიანებით _XIV-XV საუკუნეებშია მიშენებული.


კურტანიძიეულის წმ. მარინეს კომპლექსი

კურტანიძეულის წმინდა მარინეს კომპლექსი მდებარეობს სოფელ ხევისჭალაში, სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 2,5 კილომეტრზე, თარიღდება XII-XIII საუკუნეებით.

1980 წელს ძეგლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები: გაიწმინდა მცენარეებისგან, გამაგრდა კოშკისა და გალავნის კედლები, აღდგა ეკლესიის საპირე წყობის ჩამოშლილი ნაწილები და ლავგარდანი,

განახლდა ეკლესიის სარკმლებისა და ჩრდილოეთ შესასვლელის მოპირკეთება. ეკლესია გადაიხურა კრამიტით.

ახმეტის ღვთაების ეკლესია
ახმეტის ღვთაების ეკლესია ქალაქ ახმეტაში მდებარეობს. იგი VI საუკუნით თარიღდება. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა, რომელსაც დასავლეთიდან მინაშენი ეკვრის.

ფოტოები : Georgian Travel Guide