საქართველოს უზენაესი სასამართლო გამოთქვამს შეშფოთებას, მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურის შესახებ
უზენაესმა სასამართლოს მიერ გაავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ვეტინგი (კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო პროცედურა) სასამართლოს და მოსამართლეების დამოუკიდებლობას ლახავს.
მოსამართლეთა მიმართ “გარეგანი ზეწოლის როგორც მითითებული შინაარსი, ისე ამ მასშტაბით განხორციელება” კი, მათი თქმით, ქმნის გონივრულ ეჭვს, ეს არის გზავნილი ყველა მოსამართლის მიმართ — თუ უარს იტყვიან პოლიტიკური კონტროლისთვის დაქვემდებარებაზე, მათ მიმართ განხორციელდება ვეტინგი.
“ე.წ. ვეტინგის ინიციატორები მიზანმიმართულად კვლავ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიიჩნევენ ვეტინგის ადრესატებად. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მოსამართლე, ყოველწლიურად ავსებს რა დეკლარაციას, რომელიც საჯაროა, ქმნის სავსებით საკმარის საინფორმაციო ბაზას მისი ქონებრივი მდგომარეობის სრულფასოვანი მონიტორინგისათვის. ამას ემატება არასამთავრობო სექტორის შერჩევით ცალკეულ მოსამართლეთა დეკლარაციების სპეციალური მონიტორინგი”, — წერია განცხადებაში.
უზენაესი სასამართლო ხაზს უსვამს, რომ ქართულ სასამართლო სისტემაში არც მოსამართლეთა კეთილსინდისიერება თუ კვალიფიკაცია, არც მართლმსაჯულების ხარისხი და არც გადაწყვეტილებათა დასაბუთების სტანდარტი არ მიუთითებს სამართლის უზენაესობის პრობლემის არსებობაზე.
აღნიშნულის საპირისპიროდ, მათი თქმით, საერთაშორისო პრაქტიკამ აჩვენა, მსგავსი ე.წ. საგანგებო პროცედურების შედეგი, სამართლის უზენაესობის პრინციპის განმტკიცების ნაცვლად, ამ პრინციპის მოსპობა.
“ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის, ინდივიდუალური მოსამართლისა თუ მოსამართლეთა ცალკეული ჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ღირსების, დამოუკიდებლობის, ინსტიტუციური რეპუტაციის შემლახველ პროცედურას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სწორად იქნება აღქმული საზოგადოების მხრიდან”, — აღნიშნულია განცხადებაში.