ახალი ამბები

კომპანია “კეთილი და პატიოსანი”, ჩუმლაყში დამზადებულ პროდუქციას ექსპორტზე აშშ-სა და საფრანგეთში გაყიდის

კომპანია “კეთილი და პატიოსანი” პროდუქციას აშშ-სა და საფრანგეთში გაყიდის. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა გოგა ახალაძემ განაცხადა.

მისივე განცხადებით, წარმოების 80% ექსპორტზე გადის.

“დაახლოებით, 2 თვეში გაყიდვაში ჩაეშვება ახალი გემო – ეს იქნება მოცვი. ამ ეტაპზე გვაქვს 8 სახეობის “კეთილი და პატიოსანი”. ვეძებთ გასაღების ბაზრებს საზღვარგარეთ, რადგან სამწუხაროდ, საქართველოში ჭირს ქსელებთან ურთიერთობა და აქ ნაკლებად ვართ წარმოდგენილი. ამ ეტაპზე პროდუქცია ექსპორტზე გაგვაქვს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთში. გარდა ამისა, მოლაპარაკებები გვაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან, მათ შორის, ყაზახეთთან, საუდის არაბეთთან, ხოლო უკრაინაში და ჩეხეთში გაგზავნი გვაქვს დასატესტად ნიმუშები. ჩვენი წარმოების 80% ექსპორტზე გადის, ხოლო 20% საქართველოში ქსელურ მარკეტებში იყიდება. გამორჩეულად მოთხოვნადია კივი, ვაშლი, რომელსაც გაყიდვების 25% უჭირავს. წელიწადში ჩვენ დაახლოებით, 12 მლნ ბოთლის წარმოება შეგვიძლია. წლიდან წლამდე გაყიდვები 50%-ით იზრდება”, – განაცხადა გოგა ახალაძემ.

გარდა ამისა, კომპანია სოუსებსაც აწარმოებს, რომელიც ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.

“ჩვენ ასევე გვაქვს სოუსების ხაზი “პოპორელი”, რომელიც ამ ეტაპზე 7 სახეობის გვაქვს. პროდუქცია ქსელურ მარკეტებში იყიება. ვგეგმავთ ექსპორტს. ეს ჯერჯერობით ახალი პროდუქტია და მიმდინარეობს მოლაპარაკებები უკრაინასთან და ყაზახეთთან”, – აღნიშნა “ბიზნესპარტნიორთან” ახალაძემ.

ცნობისთვის, კომპანია ბაზარზე 2021 წელს გამოჩნდა და საწარმო გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მდებარეობს.